გრაკლიანის ნამოსახლარზე ორი სხვადასხვა პერიოდის საცხოვრისი აღმოაჩინეს [ფოტო]
გრაკლიანის ნამოსახლარზე ორი სხვადასხვა პერიოდის საცხოვრისი აღმოაჩინეს [ფოტო]

გრაკლიანის ნამოსახლარზე მორიგ სიძველეებს მიაგნეს. ერთმანეთის გვერდიგვერდ აღმოჩენილია ორი სხვადასხვა პერიოდის საცხოვრისი, რომელშიც ნივთები თითქმის ხელუხლებლად არის შემორჩენილი.

პროფესორ ვახტანგ ლიჩელის ექსპედიციამ 2 400 წლის წინ წინანდელ ნამოსახლარს მიაკვლია. ლიჩელი ვარაუდობს, რომ გრაკლიანის გორაზე არსებული სამოსახლო გადაწვეს, გაანადგურეს ყველა ტაძარი, შენობა, სამლოცველო. მოსახლეობამ მოასწრო და ტერიტორია დატოვა.

გრაკლიანის გორის მესამე ტერასაზე აღმოჩენილი უნიკალური ოთახი ამ დრომდე აღმოჩენილ ობიექტებს შორის ერთადერთია, რომელიც თითქმის სრულად, ოთხივე კედლის კონტურებით არის შემორჩენილი. მიწისგან გაწმენდის შემდეგ გამოჩნდა ქვის ხელსაფქვავი, ვარცლი და ღუმელი. ასევე თაროც, რომელზეც სხვადასხვა ტიპის ჭურჭლის ნაკეთობები ელაგა.

უნიკალური ნამოსახლარის მასშტაბების გათვალისწინებით, სამუშაოები სხვადასხვა ტერასაზე ეტაპობრივად მიმდინარეობს. აქ აღმოჩენილი კულტურული ფენები, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გრაკლიანის გორაზე აქტიური ცხოვრება საუკუნეების განმავლობაში არ შეწყვეტილა. არტეფაქტები, რომელიც ამ ტერიტორიაზეა აღმოჩენილი, მალე გორაზე არსებულ მუზეუმში დაბინავდება, სადაც ტერიტორიაზე მიმდინარე ცხოვრების შესახებ ინფორმაციები ქრონოლოგიურად დალაგდება. კიდევ ერთი უნიკალური ნივთი, რომელიც მუზეუმში დაიდებს ბინას, თიხისგან დამზადებული საბეჭდავია. მისი ფუნქცია, როგორც პროფესორი გვიხსნის იურიდიული დოკუმენტების გადამოწმება ყოფილა. იგი იმ სავარაუდო სამლოცველოში აღმოჩნდა, სადაც ექსპედიცია მუშაობას ახლა იწყებს.

ვახტანგ ლიჩელის ინფორმაციით, გრაკლიანის გორა უნიკალურია, რადგან ამ ტერიტორიაზე თერთმეტი სხვადასხვა პერიოდის არქეოლოგიური ნაშთებია აღმოჩენილი. ყველაზე ძველი პერიოდის ნივთები განეკუთვნება ძველი ქვის ხანას, ორი მილიონ ან მილიონ ხუთასი ათასი წლის წინანდელი ნაშთებით იწყება და უწყვეტად გრძელდება ახალი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნის ჩათვლით.

ამ გორაზე ადამიანისა და ურბანიზაციის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპები და ქვის ხანის დროინდელი ადამიანის დამზადებულ ნივთები ხელშესახები ხდება. კვლევითი სამუშაოები სექტემბრის ბოლოს დასრულდება. ახალ საინტერესო აღმოჩენებზე მუშაობას არქეოლოგთა ჯგუფი მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყებს.