გრაჰამ დიქსონი - რადიოს ექნება ძალიან პერსპექტიული მომავალი
გრაჰამ დიქსონი - რადიოს ექნება ძალიან პერსპექტიული მომავალი

საქართველოს პირველად ვეწვიე, შესანიშნავი მასპინძლობა გამიწია თქვენმა ორგანიზაციამ და გვქონდა საინტერესო დისკუსიები, – ამის შესახებ ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) რადიოს ხელმძღვანელმა, გრაჰამ დიქსონმა რადიო პირველი არხის დილის თოქ-შოუ „პიკის საათის“ ეთერში განაცხადა.

გრაჰამ დიქსონმა რადიოს მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რადიოს ფუნდამენტი, პირველ რიგში, არის ხმა.

„მინდა, რომ რადიო არსებობდეს ყველა პლატფორმაზე, რადიო არ არის ერთგვარი ბოქსის ნაირსახეობა, როგორც ამას განიხილავდნენ ჩემი მშობლები რამდენიმე წლის წინ. რადიო არის იდეა და სწორედ ამ იდეის შესახებ ვსაუბრობ. ძალიან მნიშვნელოვანია ღია მსოფლიოში ცხოვრება”, – განაცხადა დიქსონმა.

კითხვაზე, უნდა ვადევნებდეთ თუ არა თვალს ვიზუალურად რადიოგადაცემებს, დიქსონი აცხადებს, რომ ამ საკითხზე BBC-ში ვრცელი დისკუსია ჩატარდა.

„ჩემი დამოკიდებულებაა, რომ რადიოს ფუნდამენტი, პირველ რიგში, არის ხმა, ადამიანები საუბრობენ და ისინი ამყარებენ კომუნიკაციას ერთმანეთთან, სწორედ ეს არის უმთავრესი. თუკი შევეცდებით, რომ ვაქციოთ ეს მიმზიდველად ვიზუალური მიმართულებით, როგორც სატელევიზიო პროგრამები, მაშინ ჩვენ დავკარგავთ კონცენტრაციას ხმაზე და ყველაფერი, რაც ჩვენ ვილაპარაკეთ უნდა იყოს ილუსტრირებული ვიზუალურად, გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს. მაშინ, როდესაც ხმა ცენტრალურ პოზიციას ინარჩუნებს, ჩვენ მაინც ვვითარდებით. ვიზუალური მიმართულებით განვითარება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ზოგიერთი პროგრამა შეიძლება უფრო კარგად იყოს ადაპტირებული ვიზუალურ ასპექტებზე. როდესაც ერთი ადამიანი ლაპარაკობს, მისი საუბარი არ არის საინტერესო და უნდა არსებობდეს ვიზუალური ეფექტიც, უნდა იყოს ვებ კამერაც, რომ ხელმისაწვდომი იყოს იმის დანახვა, როგორ გამოიყურება ის ადამიანი, რომელიც საუბრობს და დააკმაყოფილებს ცნობისმოყვარეობას, მე ამას მხარს ვუჭერ”, – განაცხადა დიქსონმა.

მისივე თქმით, რადიოს უსმენს ნებისმიერი ასაკის ადამიანი და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ციფრული რადიო მიმართულება.

„ციფრული რადიო მიმართულებით ჩავატარეთ ექსპერიმენტები, რომლებიც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ გაიხსნას ახალი არხები და შეიქმნას ახალი სამიზნე აუდიტორია. შეიძლება ჩატარდეს ექსპერიმენტები საბავშვო არხების მიმართულებით, ასევე ასაკში შესულ ადამიანებზე გათვლილი არხები. ჩემი აზრით, ეს ის საკითხია, რომლისკენაც უნდა მივმართოთ ყურადღება. უნდა შევიმუშაოთ ახალი გზები ინფორმაციის გადმოცემისა, რომელსაც თქვენ აკეთებთ საკმაოდ მიმზიდველად. ჩემი აზრით, თქვენ უკვე გაქვთ ეს ფაქტორი. მე განვიხილე თქვენი ვებ საიტი, რომელიც იზიდავს ადამიანის ინტერესს და ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა შევცვალოთ დამოკიდებულება”, – განაცხადა დიქსონმა.

კითხვაზე, როგორც შეიძლება იყოს რადიო 50-100 წლის შემდეგ, ევროპის მაუწყებელთა კავშირის რადიოს ხელმძღვანელჯ აცხადებს, რომ ადამიანები არ დაკარგავენ იმ შეგრძნებებსა და სურვილებს, რომელიც რადიოს აქვს. „რადიოს ექნება ძალიან პერსპექტიული მომავალი”, – განაცხადა დიქსონმა.