გორში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს, დაკავებულია ერთი პირი
გორში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს, დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული გ.ს. გორში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, მას ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხულიგნობის ჩადენა.

დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორში, ერთ-ერთ ქუჩაზე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე უმისამართო გასროლა განახორციელა. გ.ს.-მ დაკავებისას წინააღმდეგობა გაუწია საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 26 საბრძოლო ვაზნა. შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან კი ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ექვსი მასრა.

პოლიციამ, გ.ს.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოიღო გადაჭრილი სანადირო თოფი – ე.წ. აბრეზი და საბრძოლო ვაზნები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილ ხულიგნობას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი