გორში საპროტესტო აქცია დასრულდა
გორში საპროტესტო აქცია დასრულდა

გორში, სადაც სოფელ ხელთუბნის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავდა, დასრულდა.

გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის მამა, მერაბ მერებაშვილი აცხადებს, რომ შსს-ს გამოძიებისთვის ორ კვირიან ვადას აძლევს და გენერალური პროკურორთან, სახალხო დამცველთან და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს.

ამასთან, გარდაცვლილის მამამ აქციის მონაწილეებს მიმართა, თბილისში დავით სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ დაგეგმილ აქციებს შეუერთდნენ.

„ვითხოვ ორ კვირაში ეს ყველაფერი გამოძიებული იყოს. ორი კვირის შემდეგ უფრო დიდ აქციებს გავმართავთ. შვილმკვდარი დედები და მამები უნდა გავერთიანდეთ და გავიგოთ, რატომ მოგვიკლეს შვილები. ვითხოვ, რომ საქმე პროკურატურამ გამოიძიოს.  ჩემი შვილი მოკლეს. სხვადასხვა ვერსია გვაქვს, მაგრამ ის, რა კუთხითაც პოლიციას გამოძიება მიჰყავს, არაა სიმართლე. სიმართლის დადგენასა და ჩემი შვილის მკვლელის დასჯას ვითხოვ“, – აცხადებს მერაბ მერებაშვილი.

რამდენიმე საათის წინ, სოფელ ხელთუბნის მოსახლეობამ გორი-ბერბუკის ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს. აქციას გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის ოჯახი და ნათესავები მართავდნენ. თორნიკე მერებაშვილი გარდაცვლილი 6 ივლისს იპოვეს. საქმე აღძრულია თვითმკვლელობის მუხლით, მერებაშვილის ოჯახი კი, საქმის მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირებას მოითხოვს.

ცენტრალურ მაგისტრალთან გამართული აქციის მონაწილეებმა შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციისკენ გადაინაცვლეს. აქციას შეუერთდნენ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე და პანკისის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი.