გორში, სახალხო დღესასწაულს, ოქონობას აღნიშნავენ
გორში, სახალხო დღესასწაულს, ოქონობას აღნიშნავენ

ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, ქალაქ გორში სახალხო დღესასწაული ოქონობა აღინიშნება.

ტრადიციულად ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრიდან ოქონის მშენებარე ტაძრამდე მსვლელობა მოეწყო, სადაც საზეიმო წირვა ატენისა და გორის მიტროპოლიტმა აღავლინა.

წირვის დასრულების შემდეგ, მრევლმა ღვთისმსახურებთან ერთად გორის ქუჩები მსვლელობით მოიარა. მეუფე ანდრიამ ქალაქი დალოცა და მფარველ ოქონის ხატს შეავედრა.

დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიცია უკავშირდება ოქონის ხატს, რომელიც მე-12 საუკუნიდან გორის მფარველად მიიჩნეოდა. ხატი თამარ მეფის მიერ აშენებულ ტაძარში იყო დაბრძანებული. ის 1991 წელს ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს დაიკარგა და 2001წელს კრისტის აუქციონზე აღმოაჩინეს. როგორც ერის საგანძური, ოქონის სპილოს ძვლის სამკარეთი თბილისის სახელმწიფო მუზეუმში ინახება. დღესასწაულის აღნიშვნის მივიწყებული ტრადიცია ატენისა და გორის მიტროპოლიტ მეუფე ანდრიას ლოცვა-კურთხევით აღდგა.