გორში, ქარელსა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტები მიმდინარეობს

17:23, 13.11.2026

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გორის, ქარელის და მცხეთის სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტებს ახორციელებს.

ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი, სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში სიმონ გულედანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სკოლებში არსებული მდგომარეობის შესწავლისა და საჭირო ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით, არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ.

ქარელის №2 და გორის №4 სკოლების მონახულების შემდეგ მათი მშენებლობა-რეაბილიტაციის გადაწყვეტილება მიიღეს; სოფლების მოხისისა და უფლისციხის სკოლების აღდგენის პროცესი კი უახლოეს მომავალში დაიწყება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება.

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელის საჯარო სკოლასთან დაკავშირებით კი, გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან სკოლის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულება უკვე გააფორმა და სამშენებლო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

პროექტების დასრულების შემდეგ სკოლებში, თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად განახლდება საკლასო ოთახები და ადმინისტრაციული სივრცეები. მოეწყობა გათბობის, ვენტილაციისა და წყალმომარაგების სისტემები. რეაბილიტაციის შედეგად სკოლებში მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის შეიქმნება უსაფრთხო და კეთილმოწყობილი გარემო.

ინფორმაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.

მსგავსი