გორში პოლიციელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, დაკავებულია ერთი პირი
გორში პოლიციელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, დაკავებულია ერთი პირი

გორში, სტალინის ქუჩაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი სცემეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შსს-ში დაუდასტურეს.

დაკავებულია ერთი პირი.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, პატრულმა გააჩერა მანქანა, რის შემდეგაც დაიწყო დაპირისპირება, საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 353 პრიმა მუხლით არის დაწყებული, რაც სამსახურებრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

დაშავებული პოლიციელი საპატრულო პოლიციის „გორმედში“ გადაიყვანეს.

საავადმყოფოს ექიმის განცხადებით, მას დაზიანება სახის არეში სავარაუდოდ ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.

„კლინიკაში შემოიყვანეს დაშავებული პატრულის თანამშრომელი. მას დაზიანება ძირითადად აღენიშნება სახის არეში ნაფლეთოვანი ჭრილობა. სავარაუდოდ დაზიანება მიყენებულია ბლაგვი საგნით. ამას ზუსტად დაადგენს ექსპერტიზა. აქვს ქსოვილოვანი დაზიანება, ძვალი არ არის დაზიანებული. დაედო კვანძოვანი ნაკერები. ამ დროისთვის ის უკვე გაწერილია კლინიკიდან“, – განაცხადა სამედიცინო ქსელ „გორმედის“ ქირურგმა, მანუჩარ სხირელმა.