გორში მოქალაქეებსა და სამართალდამცავებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს დაკავებულ ექვს პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
გორში მოქალაქეებსა და სამართალდამცავებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს დაკავებულ ექვს პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

გორში, სადგურის დასახლებაში მოქალაქეებსა და სამართალდამცავებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს დაკავებულ ექვს პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

გორის რაიონულ სასამართლოს მოსამართლე ლევან დარბაიძემ ბრალდების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარის შუამდგომლობები კი აღკვეთის ღონისძიების გამოუყენებლობაზე ან ალტერნატივად 2000-ლარიანი გირაოს შეფარდებაზე არ დაკმაყოფილდა.

ხუთ მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. ერთს კი – 353 პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 1-ელ ივნისს ჩაინიშნა.

მოქალაქეებსა და სამართალდამცავებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს პოლიციამ ცხრა პირი დააკავა. სამი მათგანი ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით და ექვსი პირი სისხლის სამართლის წესით, 153-ე მუხლის მეორე ნაწილით დააკავეს.

სასამართლომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული სამივე პირი დარბაზიდან გაათავისუფლა.