გორში მოკლული მცირეწლოვანის მამამ და ადვოკატმა გორის სამხარეო პოლიციის შენობა დატოვეს
გორში მოკლული მცირეწლოვანის მამამ და ადვოკატმა გორის სამხარეო პოლიციის შენობა დატოვეს

გორში მოკლული მცირეწლოვანის მამამ და ადვოკატმა გორის სამხარეო პოლიციის შენობა დატოვეს.

როგორც ჩვენების მიცემის შემდეგ მიხეილ ბერიაშვილმა განაცხადა, გამომძიებლებმა საქმეში არსებული ფოტო და ვიდეომასალის ნახვა შესთავაზეს, თუმცა, მან ვერ შეძლო. ოჯახის ადვოკატის გიორგი გელხაურის განცხადებით, არსებული ფოტო და ვიდეომასალა მძიმე სანახავია.

„გამომძიებლებს შეკითხვები ჰქონდათ მოკლულის მამასთან, იცნობდა თუ არა ბრალდებულს, ხომ არ ჰქონდა მასთან რაიმე ტიპის შეხება, ხომ არ ჰქონდა შეხება სახლთან, სადაც ბრალდებული მუშაობდა. მასალებით დასტურდება, რომ მას ბრალად აქვს წარდგენილი გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ. დეტალებისგან თავს შევიკავებ, გასაგები მიზეზების გამო. გვაქვს კითხვები, როგორ მოხდა გარდაცვლილი ბავშვის წაყვანა იმ ტერიტორიაზე, სადაც აღმოაჩინეს. როგორც მოგეხსენებათ, საქმეში ურიკაც ფიგურირებს, ურიკაზე არის სისხლის კვალი. ველოდებით ექსპერტიზის დასკვნებს, მივიღებთ პასუხებს და ამის შემდეგ კიდევ ვისაუბრებთ. მასალა იყო ძალიან მძიმე. ვიდეო ბრალდებულის გადაღებულია. დგინდება, რომ სისხლი აღმოჩნდა იმ სახლში, სადაც ბრალდებული მუშაობდა და სადაც სავარაუდოდ მოკლულია გოგონა. ამასთან, დგინდება, რომ ბრალდებულის ტანსაცმელზე ამოღებულია გარდაცვლილის სისხლის კვალი“, – განაცხადა გიორგი გელხაურმა.

მოკლულის ბაბუა დაკავებულის ლინჩის წესით გასამართლებას მოითხოვს.

ცხრა წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული ი.ნ. დღეს დააკავეს. შსს-ს ცნობით, გორში გოგონას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირი წარსულში ნასამართლევია.