გორში მიმდინარე აქციაზე, საკრებულოს თავმჯდომარესა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]

გორში მიმდინარე აქციაზე საკრებულოს თავმჯდომარესა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება საკრებულოს თავმჯდომარის დავით რაზმაძის განცხადებას მოჰყვა. აქციის მონაწილეებთან შეხვედრისას დავით რაზმაძემ აქციას პოლიტიკურად მართული უწოდა.

რამდენიმე საათის წინ, სოფელ ხელთუბნის მოსახლეობამ გორი-ბერბუკის ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს. აქციას გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის ოჯახი და ნათესავები მართავდნენ. თორნიკე მერებაშვილი გარდაცვლილი 6 ივლისს იპოვეს. საქმე აღძრულია თვითმკვლელობის მუხლით, მერებაშვილის ოჯახი კი, საქმის მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირებას მოითხოვს.

ცენტრალურ მაგისტრალთან გამართული აქციის მონაწილეებმა შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციისკენ გადაინაცვლეს. აქციას შეუერთდნენ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე და პანკისის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი.

გორის სამხარეო ადმინისტრაციასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

დატოვე კომენტარი