გორში გოგებაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გორში გოგებაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გორში გოგებაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე, რომელიც კახნიაშვილის ქუჩიდან პუშკინის ქუჩამდე გრძელდება, 536 გრძივ მეტრს შეადგენს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, როგორც საავტომობილო გზის, ისე საფეხმავლო სივრცის რეაბილიტაცია. ასევე, მოეწყობა სანიაღვრე ქსელიც. გარდა ამისა, იგეგმება სკვერის, გარეგანათების, მოაჯირებისა და დეკორატიული სკამების განთავსება. პროექტი მიმდინარე წელს დასრულდება.

სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, მამუკა საღარეიშვილმა დაათვალიერეს. როგორც ილია ბეგიაშვილმა აღნიშნა, მიუხედავად პანდემიისა, რეგიონში წელსაც აქტიურად დაიწყო ინფრასტრუქტურული სამუშაოები და 2021 წელს შიდა ქართლში 21 მილიონ ლარამდე ღირებულების პროექტები განხორციელდება, რაც რეგიონებში განსახორციელებელი ფონდიდან ფინანსდება.

„გოგებაშვილის ქუჩის უკვე რეაბილიტირებული ნაწილის მსგავსად, ქუჩის მეორე მონაკვეთიც, რომლის რეაბილიტაციაც ახლა მიმდინარეობს, სანაპიროს მიუყვება. შესაბამისად, გარდა საავტომობილო გზისა და საფეხმავლოებისა, მოეწყობა დასასვენებელი სივრცეები და მიმდებარე ტერიტორია გამწვანდება“, – აღნიშნა მამუკა საღარეიშვილმა.