გორში, გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე ახალ ბულვარში დეკორაციები მოიპარეს [ფოტო]
გორში, გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე ახალ ბულვარში დეკორაციები მოიპარეს [ფოტო]

გორში, გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე ახალ ბულვარში დეკორაციები მოიპარეს. მოაჯირს, რომელიც მდინარე მეჯუდას მიუყვება, უკვე 20-მდე რკინის ბურთულა მოხსნეს.

ახლად გაკეთებული მოაჯირის საყრდენ სვეტებზე დამაგრებული დეკორატიული ნაწილები ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მოიპარეს.

გორის მუნიციპალიტეტის მერი აცხადებს, რომ „დაახლოებით 60 ერთეული „სფეროდან“ 20-მდე უკვე დაკარგულია“.

„ე.წ. სფეროები საყრდენი სვეტების ზედა მხარეს არის მიმაგრებული. მოაჯირი თხელი მეტალისგანაა დამზადებული. ქუჩის რეაბილიტაციისთვის მილიონამდე ლარი დაიხარჯა. სამუშაოები, რომლებიც ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, ერთი თვის წინ დასრულდა. მოსახლეობას მივმართავ თხოვნით, გაუფრთხილდნენ საკუთარ საცხოვრებელ გარემოს“, – აცხადებს კოტე თავზარაშვილი.

გოგებაშვილის ქუჩაზე 1 135 236 ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთი თვის წინ დასრულდა.