გორში ერისთავის სახელობის თეატრი 175-ე სეზონს ხვალ საზეიმოდ ხურავს  
გორში ერისთავის სახელობის თეატრი 175-ე სეზონს ხვალ საზეიმოდ ხურავს  

გორში ერისთავის სახელობის თეატრი 175-ე სეზონს საზეიმოდ ხურავს. დახურვის ცერემონიის ფარგლებში ხვალ თეატრის შენობის წინ ამავე თეატრის მსახიობის, ანზორ გვაძაბიას ვარსკვლავი გაიხსნება.

მსახიობი და რეჟისორი ანზორ გვაძაბია გორის საპატიო მოქალაქე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, ლილი იოსელიანის სახელობის ჯილდოს მფლობელია.

ცერემონიამდე ღია სივრცეში სპექტაკლი – „ღია ზღვაში“ გაიმართება, რომელშიც მთავარ როლს სწორედ ანზორ გვაძაბია ასრულებს.

„მგონია, როდესაც ვარსკვლავზე დავდგები, კიდევ ერთხელ ვიგრძნობ ჩემში ლილი იოსელიანის სიცოცხლესა და ყოფნას. ეს გახლავთ უდიდესი რეჟისორი, ქალი ქურუმი, რომელმაც ჩემგან შექმნა ის, რაც ახლა ვარ, ამდენი დამსახურებით, მიღწევებითა და ადამიანების სიყვარულით“, – ამბობს მსახიობი.

რეჟისორი და მსახიობი ანზორ გვაძაბია სხვადასხვა პერიოდში გორის, ფოთის, ზუგდიდისა და თბილისში, გრიბოედოვის თეატრებში მოღვაწეობდა.