გორში დღეს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის ექვსი ფაქტი გამოავლინეს
გორში დღეს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის ექვსი ფაქტი გამოავლინეს

მონიტორინგის შედეგად, დღეს გორში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის ექვსი ფაქტი გამოავლინეს.

როგორც შიდა ქართლში საგანგებო საოპერაციო შტაბში აცხადებენ, თვითიზოლაციის, მგზავრთა გადაყვანისა და შეკრების წესის დარღვევის ფაქტებზე ექვსი პირი დაჯარიმდა.

მათივე ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის დროს, საკარანტინო რეჟიმის ფარგლებში გორში, 3000-მდე პირს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი. გადაადგილების დროს ადგილობრივი მოსახლეობა გორის ხუთ საკონტროლო პუნქტზე შემოწმდა.

„გორის ხუთივე საკონტროლო გამშვებ პუნქტზე დღის განმავლობაში სამი ათასამდე მოქალაქე შემოწმდა და საბედნიეროდ, ჯანმრთელობის გართულების რაიმე შემთხვევა არ ყოფილა.

რაც შეეხება სამართალდარღვევებს, რეგიონის მასშტაბით დაჯარიმდა ექვსი პირი, მათ შორის თვითიზოლაციის დარღვევის, ტაქსის მძღოლის მიერ რეკომენდაციების შეუსრულებლობისა და სამზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვის დარღვევისთვის. მადლობა ჩვენს მოქალაქეებს, რომ ამ შეზღუდვებს გაგებით ეგუებიან და ასეთი პრევენციული ზომებით შევძლებთ ავირიდოთ ვირუსის გავრცელება. მოწმდებოდა ყველა.

რაც შეეხება საშვებს, იმისათვის, რომ არ მოხდეს ეკონომიკური საქმიანობის შეფერხება, საშვები გაიცემა პირველ რიგში იმ კომპანიებსა და საწარმოებზე, რომლებიც პირველადი მოხმარების პროდუქციას, მათ შორის საყოფაცხოვრებოს, აწარმოებენ ან მუშაობენ ექსპორტზე. ინდივიდუალურად ვმუშაობთ ყველასთან“, – განაცხადა საგანგებო შტაბის ხელმძღვანელი შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა.