გორში დღეიდან 25 ახალი ავტობუსი იმოძრავებს
გორში დღეიდან 25 ახალი ავტობუსი იმოძრავებს

გორში დღეიდან 25 ახალი ავტობუსი იმოძრავებს, უახლოეს მომავალში კი, კიდევ ხუთი დაემატება. საწყის ეტაპზე, ავტობუსით მგზავრობა მოქალაქეებისთვის უფასო იქნება.

სატრანსპორტო საშუალებები 10 მარშრუტზე გადანაწილდნენ.

ახალი ავტობუსები გორს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში გადასცა. ეურო 5-ის სტანდარტის ავტობუსები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით არის შეძენილი.

ახალი ავტობუსები შეესაბამება თანამედროვე სტანდარტის ყველა ტექნიკურ მოთხოვნას. მათ შორის, ავტობუსები აღჭურვილია ევროსტანდარტების შესაბამისი ვენტილაციის სისტემით.

ავტობუსებში დაცული იქნება რეკომენდაციები COVID-19-ის პრევენციისთვის. ყოველი სამუშაო დღის ბოლოს ავტობუსებს დეზინფექცია ჩაუტარდებათ. ამასთან, ყველა ავტობუსი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

პროექტი საშუალებას მისცემს მოსახლეობას, ისარგებლონ თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტული მუნიციპალური ტრანსპორტით.