გორში დასაქმების ფორუმი გაიმართება
გორში დასაქმების ფორუმი გაიმართება

სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით, 20 მაისს გორში, გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ დასაქმების ფორუმი ჩატარდება. ფორუმი 11:00 საათიდან დაიწყება და 14:00 საათამდე გაგრძელდება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დასაქმების ფორუმი გაიმართება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ ფარგლებში.

„ფორუმზე შიდა ქართლში არსებული 30-ზე მცირე და საშუალო ბიზნესი ვაკანსიებს წარმოადგენს. ღონისძიებაში ჩაერთვება 300-ზე მეტი სამუშაოს მაძიებელი, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ დამსაქმებლებს, გაესაუბრონ სასურველი ვაკანსიის თაობაზე და წარმოაჩინონ საკუთარი უნარები პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირი კომუნიკაციის გზით. სამუშაო ადგილები ძირითადად მომსახურებისა და წარმოების სფეროებიდან იქნება წარმოდგენილი“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ფორუმის თანაორგანიზატორები არიან: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), მიმდინარე პროექტის „EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის“ ფარგლებში, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო (SESA), შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) პროექტის „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება (LINKS)“ ფარგლებში, რომელსაც ორგანიზაცია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდთან (OSGF) თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს.

პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდ „აფხაზინტერკონტისა“ (AIC) და გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან (GYRC) ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.