გორში ცხრა წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე გამომძიებლები და მეზობლები დაიკითხნენ
გორში ცხრა წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე გამომძიებლები და მეზობლები დაიკითხნენ

გორში ცხრა წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე გამომძიებლები და მეზობლები დაიკითხნენ.

ბრალდების მხარის ხუთი მოწმის გამოკითხვით გაგრძელდა დღეს იაგო ნებიერიძის ბრალდების საქმის განხილვა.

გამოკითხული მოწმეები იყვნენ საქმის გამომძიებლები, იმ სახლის მესაკუთრეები, სადაც ბრალდებული ნებიერიძე სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა და ასევე მოწმე, რომელიც ამ სახლის წინ ცხოვრობდა.

საქმის პროკურორის ზურაბ წერეთლის განცხადებით, მოწმეებმა ისაუბრეს გარკვეულ დეტალებზე, თუმცა საჯაროდ ამ ჩვენებაზე პროკურორი არ საუბრობს.

„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ხუთი მოწმე, მათ შორის, ორი გამომძიებელი, რომლებმაც დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე. ასევე დაიკითხა ორი მოწმე, რომლებიც იმ სახლის მესაკუთრეები არიან, სადაც მოხდა ფაქტი და რომლის ჩადენაშიც ბრალი იაგო ნებიერიძეს ედება. დაადასტურეს, რომ ნებიერიძე მათთან ნამდვილად მუშაობდა. აღნიშნული სახლი მშენებარე იყო და იქ არავინ ცხოვრობდა მეპატრონეები იქ არ იმყოფებოდნენ. დაიკითხა ასევე მეზობლად მცხოვრები ქალბატონი, რომელმაც მისთვის ცნობილი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს. მათი ჩვენებებით, იაგო ნებიერიძის ამ საქმესთან შემხებლობა დგინდება. კონკრეტული დეტალების პასუხის გაცემისგან, თავს შევიკავებ“, – განაცხადა ზურაბ წერეთელმა.

ბრალდებულ იაგო ნებიერიძის ადვოკატს მიაჩნია, რომ ამ დრომდე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებებით და წარდგენილი მტკიცებულებებით ვერ დგინდება ნებიერიძის ბრალეულობა იმ დანაშაულისთვის, რაც მას აქვს წარდგენილი.

ცხრა წლის ნ.ბ, რომელსაც ოჯახი 25 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრიდან ეძებდა, იმავე საღამოს მდინარე ლიახვის ნაპირზე გარდაცვლილი იპოვეს. მკვლელობის ბრალდებით 34 წლის იაგო ნებიერიძე 26 ოქტომბერს დააკავეს.

იაგო ნებიერიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენას და ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.