გორისა და ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებში მოძრაობა შეიზღუდება
გორისა და ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებში მოძრაობა შეიზღუდება

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით დაგეგმილია პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოება, რის გამოც, დღეს 08:00 საათიდან 8 ივლისის 14:00 საათამდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 8 ივლისის 14:00 საათიდან 9 ივლისის 20:00 საათამდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

„საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე მდებარე ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბებში პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2020 წლის 7 ივლისის 08:00 საათიდან 9 ივლისის 20:00 საათამდე გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე, ხოლო 14 ივლისის 08:00 საათიდან 16 ივლისის 20:00 საათამდე გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ქობულეთი-ბათუმის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე, ხოლო ბათუმი ქობულეთის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში – გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე.

აღნიშნული რეჟიმებით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით“, – აცხადებენ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.