გორის სასამართლოს თავმჯდომარედ შალვა კაკაურიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარედ კი, ვასილ მშვენიერაძე აირჩიეს
გორის სასამართლოს თავმჯდომარედ შალვა კაკაურიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარედ კი, ვასილ მშვენიერაძე აირჩიეს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სხდომაზე გორის სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე შალვა კაკაურიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარედ კი, ვასილ მშვენიერაძე აირჩიეს.

სხდომაზე საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ რვა საკითხზე იმსჯელეს. საკითხებს შორის იყო იმ მოსამართლეებთან გასაუბრება, ვისაც საერთო სასამართლოების სისტემაში არსებულ ვაკანსიებზე გადასვლა სურთ. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განცხადება 15 მოსამართლეს აქვს შეტანილი.

„ჩვენ განვიხილეთ ორ სასამართლოს შემთხვევაში თავმჯდომარის დანიშვნის საკითხი. საბჭო ასევე ესაუბრა მოსამართლეებს, რომელთაც სურთ, ერთი სასამართლოდან მეორეში გადანაცვლება, ან პირველი ინსტანციის სასამართლოდან სააპელაციო სასამართლოში გადასვლა.

რაც შეეხებათ თავმჯდომარედ გამწესებას, გარკვეულმა წევრებმა გამოთქვეს პრეტენზია, რომ თავმჯდომარეობის კანდიდატს საბჭო უნდა გასაუბრებოდა, თუმცა საბჭოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, როდესაც სურვილს გამოთქვამს თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნისთვის მხოლოდ ერთი მოსამართლე, მას აღარ ვესაუბრებით. როდესაც არის კონკურენცია, ორი ან მეტი განცხადება, საბჭო ყველა კანდიდატს ესაუბრება და გადაწყვეტილებას იღებს შემდგომ. აქედან გამომდინარე, ამ პრაქტიკასთან დაკავშირებით, არანაირი კითხვის ნიშანი, მით უმეტეს უკანონობა, არ არსებობს“, – განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა.