გორის სამხედრო ჰოსპიტალში კორონავირუსით ინფიცირებული ცხრა პაციენტი იმყოფება
გორის სამხედრო ჰოსპიტალში კორონავირუსით ინფიცირებული ცხრა პაციენტი იმყოფება

გორის სამხედრო ჰოსპიტლის ბოქსირებულ განყოფილებაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული ცხრა პაციენტი იმყოფება. მათგან ექვსი თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია. ორის შემთხვევაში დაავადება პნევმონიით მიმდინარეობს, დანარჩენების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შედარებით რთული კლინიკით მიმდინარეობს რესპუბლიკური საავადმყოფოდან გადმოყვანილი 65 წლამდე მამაკაცის მდგომარეობა.

გორის სამხედრო ჰოსპიტლის საკარანტინო სივრცეში 50 პირი რჩება, აქედან 29 სამხედრო მოსამსახურეა.

„გუშინ 28 სამხედრო მოსამსახურე დაუბრუნდა ქვედანაყოფს, რომლებსაც გამოერიცხათ კონტაქტები და ისინი ჩვენთან დაკვირვების მიზნით იმყოფებოდნენ. ჩვენთან არის ცხრა დადასტურებული, აქედან წუხელ შემოვიდა ექვსი. ისინი არიან ეროვნული გვარდიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები. ორ მათგანს უფიქსირდებათ პნევმონია, დანარჩენთან მსუბუქი კლინიკით მიმდინარეობს. ტარდება კვლევები. ყველა კონტაქტი გამოკვლეულია და მათი დაკვირვება მიმდინარეობს. ყველაზე საყურადღებო რჩება 61 წლის მამაკაცი, რომელთანაც გრძელდება პნევმონია და ცხელება, თუმცა რაიმე უარყოფითი დინამიკა მასთან ამ ეტაპზე არ გვაქვს“, – განაცხადა სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა, დავით ბარლიანმა.