გორის სამხედრო ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ კორონავირუსისგან გარდაცვლილ 45 წლის ქალს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა
გორის სამხედრო ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ კორონავირუსისგან გარდაცვლილ 45 წლის ქალს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა

გორის სამხედრო ჰოსპიტალი კორონავირუსით გარდაცვლილ მეათე პაციენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

ჰოსპიტალში განმარტავენ, რომ 45 წლის ქალი თანმხლები მძიმე დაავადებების შედეგად გარდაიცვალა.

„პაციენტი, სამხედრო ჰოსპიტალში ვირუსული ინფექციის ნიშნებით, 29 მარტს, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან გადმოიყვანეს. ლუგარის კვლევით ცენტრში ჩატარებული „პისიარ“ ტესტირების შედეგად, მას „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

პაციენტს ასევე აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, უნივერსალური სიმსუქნე. პაციენტს ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც ვლინდებოდა ორმხრივი პნევმონია, მრავლობითი ინფილტრაციები ე.წ. „ დაბურული მინის“ ტიპით. მოგვიანებით განვითარდა ორმხრივი სპონტანური სისხლჩაქცევა თხემ-კეფის მიდამოში (ნეიროქირურგიულად შეფასდა როგორც ინოპერაბელური).

მდგომარეობა შეფასდა როგორც კრიტიკული, რის გამოც ის მკურნალობას რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადიოდა. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში მკურნალობის დღიდან იყო მძიმე, რასაც განაპირობებდა თანხმლები დაავადებები. მკურნალობა მიმდინარეობდა პროტოკოლის მიხედვით, თუმცა ვირუსის შედეგად გამოწვეული სხვადასხვა დაავადებების გართულებით, ექიმების მცდელობისა და ძალისხმევის მიუხედავად, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“,- აღნიშნულია გორის სამხედრო ჰოსპიტლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.