სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ გრიპის ვირუსის გართულებით 39 წლის ქალი დაიღუპა
სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ გრიპის ვირუსის გართულებით 39 წლის ქალი დაიღუპა

გორის სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ გრიპის ვირუსის გართულებით 39 წლის ქალი დაიღუპა, რომელიც მძიმე მდგომარეობით აღნიშნულ კლინიკაში წუხელ შეიყვანეს.

როგორც პირველ არხს საავადმყოფოში განუცხადეს, დაღუპვის სავარაუდო მიზეზი  ვირუსის გართულებული ფორმაა.

„39 წლის ქალბატონი კატასტროფის სამსახურის მიერ გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გადმოიყვანეს. პირველად პაციენტს აღენიშნებოდა მაღალი ცხელება, სუნთქვის მძიმე, პრაქტიკულად დეკომპენსირებული უკმარისობა. შვიდი დღის განმავლობაში ჰქონდა  მაღალი ტემპერატურა და გუშინ დღის განმავლობაშიც გორის ჰოსპიტალში იყო. როგორც კატასტროფის სამსახურმა გვითხრა, სამხედრო ჰოსპიტალის რეანიმაციაში ადგილი არ იყო. პაციენტი შემოყვანისთანავე მართვით სუნთქვაზე გადავიყვანეთ და დაწყებულ იქნა აგრესიული რესპირატორული მხარდაჭერა. მიუხედავად ჩატარებული ინტენსიური თერაპიისა, სტაბილიზაცია ვერ მოხერხდა. 05:00 საათზე გულის გაჩერებით გარდაიცვალა. სავარაუდოდ, გარდაცვალების მიზეზი არის გრიპი და გრიპის მიერ გამოწვეული მძიმე პნევმონია“, – განაცხადა „გორმედის” ექიმმა, დავით ყაზიაშვილმა.

ჰქონდა თუ არა გარდაცვლილს ვირუსი H1N1, კლინიკაში ამას ვერ აკონკრეტებენ.