გორის საკრებულოსთან „ევროპული საქართველოს“ წევრები აქციას მართავენ
გორის საკრებულოსთან „ევროპული საქართველოს“ წევრები აქციას მართავენ

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობასთან „ევროპული საქართველოს“ წევრები აქციას მართავენ.

„ევროპული საქართველოს“ გორის რაიონული ორგანიზაციის ოთხმა თანამშრომელმა შენობაში შესვლა და გორის მაჟორიტარი დეპუტატის ოთახისთვის ბოქლომის დადება სცადა. შენობაში შესვლის უფლება მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მაჟორიტარ დეპუტატთან, იოსებ მაკრახიძესთან შეხვედრა და რამდენიმე კითხვის დასმა სურთ. შენობასთან იმყოფებიან მაჟორიტარი დეპუტატის მხარდამჭერები. „ევროპული საქართველოს“ წევრებსა და მაჟორიტარი დეპუტატის მხარდამჭერებს შორის მცირე სიტყვიერი დაპირისპირება იყო.

აქციის მონაწილეებმა შენობაზე სტიკერები გააკრეს და განაცხადეს, რომ ბოქლომს მაჟორიტარის ოთახს ან საკრებულოს შენობას წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც დაადებენ.