გორის რაიონული სასამართლო შვილის მკვლელობაში ბრალდებული დედის მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს
გორის რაიონული სასამართლო შვილის მკვლელობაში ბრალდებული დედის მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს

გორის რაიონული სასამართლო შვილის მკვლელობაში ბრალდებული დედის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. როგორც ადვოკატი აცხადებს, ისინი სავარაუდოდ პროკურატურის შუამდგომლობას, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას დათანხმდებიან.

„მე შევათანხმე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან პოზიციები და განსხვავებული პოზიცია არ გვაქვს. ის იყენებს დუმილის უფლებას. ბრალს არ აღიარებს.

საქმის მასალებს ვერ გავასაჯაროვებ. რაც შეეხება ნაფიც მსაჯულებს, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა.

ექსპერტიზასთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ ყველა ექსპერტიზა ჩატარდება. მე არ გამაჩნია სპეციალური ცოდნა გითხრათ, შერაცხადი იყო თუ არა ის, ამიტომ ექსპერტიზის შემდეგ გაეცემა კითხვას პასუხი”, – განაცხადა ადვოკატმა, ქეთევან გაგოევმა.

„ვინაიდან საქმე ეხება არასრულწლოვან ბრალდებულს, დეტალებზე ყურადღებას ვერ გავამახვილებ მისი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. გამოძიებამ დაკავებულს ბრალად წარუდგინა სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” და “ვ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას. მას ბრალდების მხარე ედავება არასრულწლოვანის, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის ჩადენას.

ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

ბრალდებულმა გამოძიებას გარკვეული ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა, ნებისმიერ დროს შეუძლია შეცვალოს პოზიცია, რადგანაც ის ბრალდებულია”, – განაცხადა პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა.

სოფელ აღაიანში შვიდი თვის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით დედა 22 მაისს დააკავეს.