გორის რაიონულ სასამართლოში ​​სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის საქმის განხილვა დაიწყება
გორის რაიონულ სასამართლოში ​​სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის საქმის განხილვა დაიწყება

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის საქმის განხილვა დღეს გორის რაიონულ სასამართლოში ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით დაიწყება.

ბრალდებულის ადვოკატის, ვასილ მამულაშვილის განცხადებით, ბრალდებისა და დაცვის მხარეები სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვით წარდგებიან. მისივე განმარტებით, ნაფიც მსაჯულებს შეეძლებათ, მხარეებს შეკითხვებით მიმართონ.

ადვოკატი იმედოვნებს, რომ ნაფიცი მსაჯულები მალხაზ კობაურის მიმართ გამამართლებელ განაჩენს გამოიტანენ.

„ჩვენ შესავალი სიტყვით მივმართავთ უკვე ნაფიც მსაჯულებს და ამის შემდეგ დავიწყებთ მტკიცებულებების გამოკვლევას. დაახლოებით 2-3 კვირის განმავლობაში ყოველდღე გვექნება სასამართლო პროცესები. ნაფიცი მსაჯულები განთავსებულები იქნებიან სასტუმროში, ყველანაირი პირობა ექნებათ, რათა იფიქრონ მხოლოდ საქმეზე. ჩვენ ყურადღებას იმ მომავალში გამოსაკვლევ მტკიცებულებებზე გავამახვილებთ, რაც ჩვენი მხრივ, მიუთითებს, რომ მალხაზ კობაურს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია“, – განაცხადა ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა.