გორის მუნიციპალიტეტში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
გორის მუნიციპალიტეტში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ო.გ. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში დააკავეს. მას ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ედება ბრალი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა და 1990 წელს დაბადებულმა თ.ი.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ერთმანეთს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც ო.გ.-მ თან ნაქონი, გამოძიებისთვის ჯერჯერობით დაუდგენელი იარაღიდან ორჯერ ჰაერში გაისროლა, შემდეგ კი თ.ი.-ს ბასრი საგნით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა“, – აცხადებენ შსს-ში.

მათივე ცნობით, დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია საავადმყოფოში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით და 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დანაშაულები ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.