გორის მუნიციპალიტეტში ინციდენტი მოხდა, რაშიც „ევროპული საქართველოსა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ერთმანეთს ადანაშაულებენ
გორის მუნიციპალიტეტში ინციდენტი მოხდა, რაშიც „ევროპული საქართველოსა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ერთმანეთს ადანაშაულებენ

გორის მუნიციპალიტეტში ინციდენტი მოხდა, რაშიც „ევროპული საქართველოსა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ერთმანეთს ადანაშაულებენ​.

„ევროპული საქართველოს“ გორის რაიონულ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სოფელ ახალუბანში კარდაკარის დროს მათ წარმომადგენლებს თავს დაესხნენ. მათივე ცნობით, ფიზიკური დაზიანება მიიღო პარტიის წარმომადგენელმა ეთერ ჯალაღანიამ. ჯალაღანია ყვება, რომ მათი პარტიის კანდიდატის პლაკატებზე სხვა პარტიის პლაკატები იყო გადაკრული, რის გადაღებასაც ცდილობდა, რა დროსაც, რამდენიმე ნასვამი ახალგაზრდა დაესხა თავს.

გორისა და კასპის ოლქში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ლევან თარხნიშვილის თქმით, მომხდარი ფაქტი არის მიზანმიმართული პროვოკაცია, რაშიც „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს.

„პროვოკაცია მოხდა სოფელ მეჯვრისხევის ახალუბანში, სადაც დაგვხვდა ექვსამდე ადამიანი, რომლებმაც გამოიწვიეს პროვოკაცია და ჩხუბი. ეს არის სწორედ ის ადგილი, სადაც ერთი კვირის წინ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა იგივე პრობლემა. ეს შემთხვევითობა არ არის, ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია და მინდა, მოვუწოდო პირველ რიგში მთავრობას, რომ თავიდან ბოლომდე გამოიძიონ ეს საქმე, რადგან არსებობს ჩანაწერები, სადაც კარგად ჩანს, ვინ არიან ეს აქტივისტები“, – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

ოპოზიციის ბრალდებასთან დაკავშირებით კომენტარი გაკეთდა „ქართულ ოცნებაში“. რეგიონული ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი მიხეილ გოგინაშვილი აცხადებს, რომ ახალუბანში „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ კანდიდატის პლაკატებს ხევდნენ, მოსახლეობისგან შენიშვნის შემდეგ კი, მათი ერთ-ერთი წარმომადგენელი ცეცხლსასროლი იარაღით დაიმუქრა.

გოგინაშვილი დაპირისპირებასა და პროვოკაციაში თავად „ევროპულ საქართველოს“ ადანაშაულებს და სამართალდამცველებს მომხდარის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებს.

„უნდა დასრულდეს კრიმინალი პოლიტიკაში“, – განაცხადა მიხეილ გოგინაშვილმა.

ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი