გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კიდევ ერთი ოპოზიციური ფრაქცია დაიშალა
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კიდევ ერთი ოპოზიციური ფრაქცია დაიშალა

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კიდევ ერთი ოპოზიციური ფრაქცია დაიშალა. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა მისი წევრის, ირმა ამბარდნიშვილის ფრაქციის დატოვების შესახებ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა.

ირმა ამბარდნიშვილმა დატოვა ფრაქცია, თუმცა არ ტოვებს საკრებულოს წევრის მანდატს და დამოუკიდებელი წევრის სტატუსით აგრძელებს მუშაობას. ფრაქციის დატოვების მიზეზად ის „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა ქართლის ორგანიზაციის ხელმძღვანელთან უთანხმოებას ასახელებს.

„ვტოვებ ფრაქციას და ჩემი ეს ნაბიჯი კარგი იქნება, რათა გამოფხიზლდეს ცენტრალური ორგანიზაცია და მეტი ყურადღება მიაქციონ რეგიონებში პარტიის ხელმძღვანელების საქმიანობას. ბადრი ბასიშვილმა ფრაქციის დაშლა ჯერ კიდევ ზაფხულში მომთხოვა, რაზეც მაშინ კატეგორიული უარი ვუთხარი. ამის შემდეგ დაიწყო ჩემი დისკრედიტაცია. ჩამომაშორეს ყველანაირ პარტიულ საქმიანობას, მომაკრეს მოღალატის იარლიყი. მისი დავალებები და მისი ხედვები იყო აბსოლუტურად არაკომპეტენტური და აცდენილი პარტიის საერთო ხედვას“, – განაცხადა ირმა ამბარდნიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის დაშლის შემდეგ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ექვსი ფრაქცია დარჩება. გასულ კვირას კიდევ ერთი ფრაქცია „ევროპული შენება“ დაიშალა.