გორის მოსახლეობა ბუნებრივ აირზე საეჭვოდ გაზრდილი გადასახადის გამო გამოძიების დაწყებას ითხოვს
გორის მოსახლეობა ბუნებრივ აირზე საეჭვოდ გაზრდილი გადასახადის გამო გამოძიების დაწყებას ითხოვს

გორში ბუნებრივ აირზე დარიცხულ გადასახადს აპროტესტებენ.

ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი გორში, ცენტრალურ მოედანზე, მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან აქციას მართავს.

აქციის მონაწილეები ადგილობრივ ხელისუფლებას კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზთან“ მოლაპარაკების პროცესში ჩართვას სთხოვენ.

მოსახლეობა ბუნებრივ აირზე საეჭვოდ გაზრდილი გადასახადის გამო, გამოძიების დაწყებას ითხოვს და ხვალ პროკურატურას კოლექტიური განცხადებით მიმართავს.

აბონენტებმა უკვე დაწერეს ინდივიდუალური განცხადებები ენერგო ომბუდსმენის სახელზე.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა“ საქმის წარმოების პროცესში აბონენტებს გაზის მიწოდება არ შეუწყვიტოს.

„ადგილობრივი ხელისუფლებისგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ვითხოვთ. ვითხოვთ მერთან, გუბერნატორთან შეხვედრას. ენერგოომბუდსმენისგან ვერ მივიღეთ ჩვენთვის დამაჯერებელი პასუხი. აქ საჭიროა გამოძიების დაწყება. უნდა შემოწმდეს მრიცხველები და ბევრი კითხვაა პასუხგაუცემელი. ხვალ ვიწყებთ კოლექტიური საჩივრის მომზადებას და ვფიქრობთ, ამის შემდეგ პროკურატურა დაინტერესდება საქმით“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე თაკო გაგლოევა.

აქციის მონაწილეებს საკრებულოს თავმჯდომარე შეხვდა.

დავით რაზმაძე მოსახლეობას მოლაპარაკების გაგრძელებას მერის კაბინეტში სთავაზობს.