გორის გვირაბებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა, 25-26 მაისის ნაცვლად, 28-29 მაისს, ღამის საათებში მონაცვლეობით შეიზღუდება
გორის გვირაბებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა, 25-26 მაისის ნაცვლად, 28-29 მაისს, ღამის საათებში მონაცვლეობით შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გამომდინარე იქიდან, რომ 26 მაისს აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მონაკვეთზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების თარიღი შეიცვალა.

„კერძოდ, 2021 წლის 28 მაისის 23:00 საათიდან 29 მაისის 02:30 საათამდე გვირაბის თბილისი-სენაკის, ხოლო 29 მაისის 02:30 საათიდან 05:00 საათამდე გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.