გორის „დილას“ მწვრთნელი – „ვირტუსთან“ თამაში ჩემთვის 0:0-დან იწყება #1TVSPORT
გორის „დილას“ მთავარმა მწვრთნელმა, დიამანტის ვავალისმა კომენტარი გააკეთა კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩზე, რომელიც სან მარინოში, „ვირტუსთან“ 16 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე სან მარინოს „სტადიო ოლიმპიკოზე“ გაიმართება.
ქართველებმა გორში პირველი მატჩი 3:1 მოიგეს და წყვილის ფავორიტები არიან.
„ხანგრძლივი მგზავრობის მიუხედავად, გუნდში საბრძოლო და პიზიტიური განწყობაა. ვიმედოვნებთ, რომ გავიმარჯვებთ და შემდეგი ეტაპის საგზურს მოვიპოვებთ.
გორში ჩატარებული პირველი მატჩის შემდეგ ფეხბურთელებმა ძალები სრულფასოვნად აღიდგინეს. ვიმუშავეთ ყველა იმ დეტალზე, რაც ამ თამაშისთვის გვჭირდებოდა.
ფრენის შემდეგ გუნდმა მსუბუქად ივარჯიშა, ბიჭებმა კარგად იციან, თუ რას ვითხოვ მოედანზე, ეს თამაში ჩემთვის 0:0-დან იწყება და შანსები ისევ 50:50-ზეა. ჩვენს მეტოქეს საშინაო თამაშების მაღალ დონეზე ჩატარების საკმარისი გამოცდილება გააჩნია.
გორელ გულშემატკივარს კი ვპირდებით, რომ სასურველი შედეგის მისაღწევად პირველიდან უკანასკნელ წუთამდე ვიბრძოლებთ“.