გორის დილამ „ვორსკლა“ დაამარცხა და კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT

გორის „დილამ“ კონფერენს ლიგის საპასუხო შეხვედრაში პოლტავის „ვორსკლას“ უმასპინძლა, 3:1 დაამარცხა და მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა.

„დილამ“ პოლონეთში  გამართული პირველი შეხვედრა ბოლო წამებზე წააგო 1:2. ანდრეი დემჩენკოს გუნდი ორრაუნდიანი დაპირისპირების ბედის შემოტრიალებას „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ გამართულ დაპირისპირებაში შეეცადა.

პირველი ტაიმი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, გორელებმა რამდენმე სახიფათო მომენტი შექმნეს. პოლტაველთა მეკარემ, პავლო იშენკომ ბურთის მოგერიებისას რამდენჯერმე შეცდომა დაუშვა, რითიც გორელებმა 45-ე წუთზე ისარგებლეს. მეკარის გადაცემა ალეფ სანტოსმა ჩაჭრა და ბურთი მეტოქის კარისკენ გაუშვა, ბრაზილიელის დარტყმული ხარიხას მოხვდა, გადმოვარდნილ ბურთზე კი ყველას ოთარ ფარულავამ დაასწრო და ანგარიში გახსნა 1:0.

მეორე ტაიმში უპირატესობას ისევ „დილა“ ფლობდა, მაგრამ შედარებით ფრთხილად თამაშობდა და მეტოქის შეცდომას ელოდებოდა. ეს მომენტი 71-ე წუთზე დადგა – ტიერი გეილმა შესანიშნავი გადაცემით მეკარესთან პირისპირ მიკოლა კოვტალიუკი დატოვა, რომელმაც მახვილი კუთხიდან ზუსტად დაარტყა – 2:0.

მაგრამ ორ წუთში „ვორსკლამ“ სხვაობა შეამცირა – მცველებს რუსლან სტეპანიუკმა დაასწრო და ახლოდან ზუსტად დაარტყა – 2:1, ორი მატჩის ჯამში ანგარიში ისევ გათანაბრდა.

86-ე წუთზე გორელთა სასარგებლოდ ჯარიმა დაინიშნა. თორნიკე ძოწენიძის გადაცემის შემდეგ ტიერი გეილმა „დილა“ ისევ დააწინაურა 3:1. მსაჯის მიერ დამატებულ დროში სერგო კუხიანიძის შესანიშნავი დრიბლინგის შემდეგ „დილას“ მეოთხე გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ კოვტალიუკი ბურთს ვერ შესწვდა.

საბოლოოდ, გორელებმა მოახერხეს შეხვედრის გამარჯვებამდე მიყვანა და „დილა“ კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

ვიდეო: GFFTV