გორი კონფლიქტის ზონაში - უმწვავესი შეხვედრა ეროვნულ ლიგაში
გორი კონფლიქტის ზონაში - უმწვავესი შეხვედრა ეროვნულ ლიგაში

ეროვნული საფეხბურთო ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ყველაზე მწვავე და დაძაბული შეხვედრა გორში გაიმართა – 28–ე ტურის ცენტრალურს მატჩს „დილასა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ შორის „თენგიზ ბურჯანაძემ“ უმასპინძლა.

სეზონში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. ორივე გუნდი სამეულისთვის იბრძვის და მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე, დაძაბულობა პირველივე წუთებიდან იგრძნობოდა და საგოლეზე ბევრად მეტი კონფლიქტური მომენტი შეიქმნა. მე-16 და მე-19 წუთებზე ოლექსანდრე აზაცკისა და გაიარა ჯუფს შორის წარმოქმნილი კონფლიქტი მალე ჩაწყნარდა.

33-ე წუთზე მორიგი კონფლიქტი მოხდა. გორელთა საჯარიმოში „ტორპედოს“ თავდამსხმელმა, მილოშ ლაჩნიმ და „დილას“ მცველმა, გიორგი გადრანმა იჩხუბეს – მთავარმა არბიტრმა ჯენერი ხორავამ ორივეს წითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა.

კიდევ ერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდი მეორე ტაიმში მოხდა – მოედანზე ძაღლი შევარდა და რამდენიმე წუთი დაცვის სამსახურმა ვერ გაიყვანა. ბოლოს ისევ „ტორპედოს“ მცველმა, დავით ხურცილავამ ივარგა და მოედნიდან გაიტყუა.

რეალური საგოლე მომენტი ორივე გუნდმა შექმნა, „ტორპედო“ მიზანთან ახლოს იყო 37–ე წუთზე: მათე ცინცაძის შესრულებული ჯარიმის შემდეგ „დილა“ ძელმა იხსნა. 93–ე წუთზე კი ლევან კუტალიას დარტყმის შემდეგ, მასპინძლები მეკარე ლუკა გუგეშაშვილმა გადაარჩინა და შეხვედრა 0:0 დასრულდა.