გორდონ სონდლენდი აცხადებს, რომ უკრაინაზე ზეწოლა დონალდ ტრამპის პირდაპირი მითითებით ხორციელდებოდა
გორდონ სონდლენდი აცხადებს, რომ უკრაინაზე ზეწოლა დონალდ ტრამპის პირდაპირი მითითებით ხორციელდებოდა

ევროკავშირში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი გორდონ სონდლენდი აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლებაზე ზეწოლა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირდაპირი მითითებით ხორციელდებოდა. ამის შესახებ სონდლენდმა კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში მიმდინარე საჯარო მოსმენის დროს განაცხადა.

სონდლენდის თქმით, სწორედ დონალდ ტრამპი ცდილობდა უკრაინის ხელისუფლებისგან ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის შესახებ კომპრომატის მოპოვებას.

ამ ყველაფრის შესახებ სონდლენდმა მისთვის კითხვების დასმამდე, შესავალი სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

სონდლენდის თქმით, ის, ენერგეტკის მდივანი რიკ პერი და უკრაინის საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელი კურტ ვოლკერი, აშშ-ის პრეზიდენტის პირდაპირი მითითებით მუშაობდნენ რუდი ჯულიანისთან.

„მდივანი პერი, ელჩი ვოლკერი და მე ვმუშაობდით ბატონ რუდი ჯულიანისთან უკრაინის საკითხზე აშშ-ის პრეზიდენტის პირდაპირი მითიღებით. ჩვენ არ გვსურდა ბატონ ჯულიანისთან მუშაობა, თუმცა ვაცნობიერებდით, რომ თუ უარს ვიტყოდით, დავკარგავდით აშშ-სა და უკრაინას შორის ურთიერთობების გამტკიცების მნიშვნელოვან შესაძლებლობას. ამიტომ, ჩვენ ვასრულებდით პრეზიდენტის მითითებას“, – განაცხადა დიპლომატმა.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ მაშინ არაფერი იცოდა უკრაინასთან დაკავშირებით ტრამპის ადვოკატის, რუდი ჯულიანის გეგმების შესახებ.

გორდონ სონდლენდის განცხადებით, რუდი ჯულიანს სურდა, ვლადიმირ ზელენსკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და მისი შვილის წინააღმდეგ გამოძიება დაეწყო.

გორდონის განმარტებით, სწორედ აღნიშნულ გამოძიებაზე იყო დამოკიდებული თეთრ სახლში ვლადიმირ ზელენსკის მიწვევა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფა.

როგორც სონდლენდმა განაცხადა, მას ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ჯულიანი ტრამპის სურვილს გამოხატავდა.

ოპონენტები დონალდ ტრამპს  ადანაშაულებდნენ უკრაინის ლიდერ ვლადიმირ ზელენსკიზე ზემოქმედებაში, რომ მას ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიება დაეწყო.

აშშ-ის პრეზიდენტი ბრალდებებს უარყოფს.