გორან პანდევი - ახლა ყველაფერი გვენატრება, ჩახუტება, გასეირნება, ფეხბურთი
გორან პანდევი - ახლა ყველაფერი გვენატრება, ჩახუტება, გასეირნება, ფეხბურთი

იტალიურმა გამოცემა „კალჩომერკატომ“ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების კაპიტანსა და ლიდერ გორან პანდევს ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც მან ფეხბურთის მონატრებასა და კორონავირუსის რთულ პერიოდზე ილაპარაკა.

„რაც ახლა ხდება, ყველასათვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რამაც ბევრ საკითხზე სხვაგვარად შეგვანახა. ერთ წამში ცხოვრება მთელს მსოფლიოში შეიცვალა. უცებ დავკარგეთ ნორმალური ცხოვრების წესი, მშვიდობა და სიმშვიდე. მთელი დღე სახლში ვართ იმ იმედით, რომ პანდემია დამარცხდება. კარგი მხოლოდ ისაა, რომ ჩვენი პროფესია არ გვაძლევს საშუალებას, ოჯახთან ერთად ბევრი დრო გავატაროთ. ახლა კი შემიძლია ჩემს სამ შვილთან და ჩემს მეუღლესთან ყოფნით ვისიამოვნო. იმედია, მალე ჩვენს ცხოვრებას დაუბრუნდება ყველაფერი ის, რაც ნორმალური და ჩვეულებრივი ჩანდა და ახლა გვენატება – ჩახუტება, გასეირნება, ფეხბურთი… ამ ცუდი ამბის დასასრულს ამ ყველაფერს კიდევ უფრო დავაფასებთ“, – ამბობს გორან პანდევი.

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ლიდერის თქმით, კორონავირუსმა ბალკანეთის ომი გაახსენა: „იუგოსლავიის ომის დროს ბავშვი ვიყავი. საბედნიეროდ, ომის ყველაზე მძიმე მოვლენები მაკედონიას აცდა, მაგრამ გარშემო ყოველთვის შიში იყო. ახლაც იგივე ხდება – ჩვენ დავინახეთ, რომ ამ ვირუსმა იტალიასა და მთელ მსოფლიოში მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ეს ძალიან დიდი ტრაგედია. მაგრამ ამავე დროს ვხედავ მრავალი ექიმის და სხვა პროფესიის ადამიანის გმირულ მცდელობას, რომ ადამიანებს სიცოცხლე შეუნარჩუნონ, მოამარაგონ მოხუცებულები საკვებითა და აუცილებელი პროდუქტებით. ეს ხალხი შუქურას მაგონებს, რომელიც გზას გვინათებს“.

მაკედონიური ფეხბურთის ლეგენდის თქვით, თამაში უზომოდ მოენატრა: „მენატრება ბურთი, მოედანი, პროფესიული ცხოვრების წესი და მატჩები, რომლებიც ენერგიას მართმევდა – ახლა ეს ყველაფერი ძალიან მაკლია. მენატრება ის გრძნობა, როდესაც უამრავ ადამიანს ბედნიერებას ვანიჭებდით – ეს ფეხბურთელისთვის ყველაზე ლამაზი და მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან გულშემატკივრებისთვის ვთამაშობთ. უმაყურებლოდ თამაში, როგორც „მილანის“ წინააღმდეგ ბოლო ტურში ვითამაშეთ, უემოციო იყო. მაგრამ ახლა ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია. მაგრამ მალე ფეხბურთის დრო დაბრუნდება“.