საფეხბურთო კლუბ „გონიოს“ გეგმები შეიცვალა – მომავალ სეზონში გუნდს მთავარი მწვრთნელის რანგში თურქი სპეციალისტის, სავაშ დემირელის ნაცვლად ქართველი, ლევან ჯოხაძე უხელმძღვანელებს.
„გონიოს“ მთავარ მწვრთნელად ლევან ჯოხაძის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა. ახალგაზრდა სპეციალისტი აქამდე ცხინვალის „ლიახვს“, ტყიბულის „მეშახტეს“, „ზესტაფონს“, „რუსთავს“, ბოლოს კი ქობულეთის „შუქურას“ წვრთნიდა.
მანამდე კლუბმა გაავრცელა ცნობა, რომლის მიხედვითაც გუნდს 15 იანვრიდან თურქეთის ნაკრებისა და „გალათასარაის“ ყოფილი ფეხბურთელი, სავაშ დემირალი უხელმძღვანელებდა. მაგრამ საბოლოოდ, მან თურქეთის დაბალი ლიგის „არჰავი სფორი“ ჩაიბარა.
„გონიოს“ ისტორიაში პირველად გუნდში ლეგიონერი ითამაშებს – კოტდივუარელი თავდამსხმელი მუსტაფა კამატე. ამას გარდა, მესამე ლიგაში დაწინაურებულმა გუნდმა მეკარე დავით მოწყობილი დაიმატა.
რამდენიმე მოთამაშე კი გუნდში დარჩა – რომან ტაკიძემ, დავით მოსიძემ, კახა კახაბრიშვილმა, ლევან ინგოროყვამ, ბექა ვარშანიძემ და მირზა ფარტენაძემ ახალი კონტრაქტები გააფორმეს.