„გონიოს“ პრეზიდენტი სტადიონის იჯარით გადაცემას ითხოვს - განვავითარებთ ბავშვთა სკოლას, გავაძლიერებთ ჩვენი კუთხის გუნდს #1TVSPORT
საფეხბურთო კლუბ „გონიოს“ პრეზიდენტმა, დავით დოლიძემ საქართველოსა და აჭარის რეგიონულ ფეხბურთის ფედერაციებს მიმართა, რომ გონიოში სტადიონის რეაბილიტაციის პერიოდში სფფ-ის ბალანსზე არსებულ რომელიმე არენაზე შეუშვან ან გონიოს მოედანი იჯარით გადასცენ – დოლიძე პირობას დებს, რომ მას განაახლებს და ბავშთა აკადემიასაც განავითარებს.
„სული და გული გვაქვს ჩადებული ბიჭებს, რომ გონიოში ფეხბურთი განვავითაროთ. საკუთარ ოჯახებს ვაკლებთ ფინანსებს და ვცდილობთ, ჩვენი მიზანი ბოლომდე მივიყვანოთ. შედეგს აუცილებლად მივაღწევთ. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ყურადღებას მოგვაქცევს და ევროპის ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ ახალ მოედანზე თამაშისა და ვარჯიშის უფლებას მოგვცემს.
ქართულ ფეხბურთში ახალი, ამბიციური კლუბი ცუდი პირობების გამო არ უნდა დაიჩაგროს. იქნებ ვინმე კეთილი ადამიანი გამოჩნდეს ჩვენს მხარდასაჭერად. ჩვენი თხოვნაა – გადმოგვცეთ იჯარით გონიოს სტადიონი, მინიმუმ, 10 წლით და მას ჩვენი ხარჯებით გავაკეთებთ, მოვაწყობთ სტანდარტულ ხელოვნურსაფრიან მოედანს, განვავითარებთ ბავშვთა სკოლას, გავაძლიერებთ ჩვენი კუთხის გუნდს, აჭარაში ისეთ ფეხბურთელებს გავზრდით, რომლებიც დიდ ფეხბურთს ითამაშებენ.
ახლა ნაკრებში გამოძახებულია სხვადასხვა კუთხესა და ქალაქში აღზრდილი ფეხბურთელები, მაგრამ არ არიან აჭარის წარმომადგენლები. ძალიან გთხოვთ, მოგვცეთ განვითარების საშუალება, საქართველოს გავაგონოთ ჩვენი ხმა და დაინახონ, რომ ფეხბურთს გონიოშიც თამაშობენ.
მიუხედავად არასახარბიელო პირობებისა, ლიგა 4-ში ცხრა ტურის შემდეგ რვა მოგება გვაქვს და საქართველოს თასის 1/16-ფინალში გავედით. მადლობა ბიჭებს, რომლებიც გვენდნენ და ასეთ პირობებში ვარჯიშობენ და თამაშობენ. მადლობას ვუხდით ხელვაჩაურის მერიას, საფეხბურთო კლუბ „მაჭახელას“ ხელმძღვანელობას, რომლებმაც უფლება მოგვცეს, საშინაო მატჩები ახალსოფლის სტადიონზე გვეთამაშა. მაგრამ პირველი წრის შემდეგ სტადიონის რეაბილიტაცია იწყება და, ფაქტობრივად, მოედნის გარეშე ვრჩებით. იმედია, ჩვენს თხოვნას გაითვალისწინებთ და გვერდში დაგვიდგებით. ჩვენ კი განვაგრძობთ ბრძოლას ლიგა 3-ში გადასასვლელად“, – წერია დავით დოლიძის განცხადებაში.