„გოლდენ სტეიტმა“ შინ ზედიზედ მეთხუთმეტედ მოიგო და ფინალში გავიდა
„გოლდენ სტეიტმა“ შინ ზედიზედ მეთხუთმეტედ მოიგო და ფინალში გავიდა

როგორც მოსალოდნელი იყო, დასავლეთი კონფერენციის ფინალში მოქმედი ჩემპიონი „გოლდენ სტეიტი“ და რეგულარულის გამარჯვებული „ჰიუსტონი“ შეხვდებიან. ორივემ მეოთხედფინალური სერია 4:1 მოიგო.

სტეფ კარის 28 ქულითა და კევინ დურანტის 24 ქულით, „გოლდენ სტეიტმა“ 113:104 მოიგო და დაასრულა „ნიუ ორლეანის“ ზღაპარი. „პელიკანებმა“ ტრავმირებული დემარკუს კაზინსის გარეშე, საკმაოდ შორს გააღწიეს და „გოლდენ სტეიტთან“ სერიაშიც სიმპათიურად გამოიყურებოდნენ, რაც მთავარია, ბოლომდე იბრძოდნენ, როგორც ეს გუშინდელ მატჩში იყო.

„გოლდენ სტეიტმა“ მხოლოდ სამი ქულით მოიგო პირველი ტაიმი, მაგრამ, როგორც ხშირად ხდება, მესამე მეოთხედში მოიპოვა უდიდესი უპირატესობა – 29:6 გაქცევით სხვაობა 26 ქულა გახდა – 88:62. ასეთი დარტყმის შემდეგ, „ნიუ ორლეანმა“ მაინც შეძლო თამაშში დაბრუნება, როცა სირენამდე ორი წუთით ადრე, სხვაობა შვიდ ქულამდე შეამცირა, თუმცა, მეტი ვეღარ მოახერხა.

რომ არა ეს ქამბექი, სავარაუდოდ, ბოლოსკენ მოედანზე ვიხილავდით ზაზა ფაჩულიას, მაგრამ, ამჯერად, ქართველ ცენტრს თამაში არ მოუწია.

„გოლდენ სტეიტისთვის“ ეს იყო პლეი ოფში ზედიზედ მე-15 საშინაო მოგება, რაც „ჩიკაგო ბულზის“ რეკორდის გამეორებაა, რომელიც 1990-91 წლებშია დამყარებული.

გ. სტეიტი-ნ. ორლეანი 113:104
32:26, 27:30, 36:19, 18:29
გ-ს: კარი (28+7 მოხსნა+8 პასი), დურანტი (24+6 მოხსნა+7 პასი), ტომპსონი (23+6 მოხსნა), გრინი (19+14 მოხსნა), იგუოდალა (2) – სასტარტო; ლივინგსტონი (6), კუკი (5), ლუნი (4+8 მოხსნა), ბელი (2), უესტი (0).
ნ-ო: დევისი (34+19 მოხსნა+4 დაფარება), ჰოლიდეი (27+10 მოხსნა+11 პასი), მიროტიჩი (12+7 მოხსნა), მური (10), რონდო (7+7 პასი) – სასტარტო; კლარკი (9), მილერი (5), ჰილი (0).
სერია: 4:1