„გოლდენ სტეიტმა“ ჩემპიონი „სტეიპლს ცენტრში“ დაამარცხა - ნბა-ის მატჩების ვიდეომიმოხილვა (ვიდეო)
11:49, 19.01.2021
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მოულოდნელი მარცხი განიცადა „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“. მოქმედმა ჩემპიონმა „სტეიპლს ცენტრში“ „გოლდენ სტეიტს“ უმასპინძლა და 113:115 დამარცხდა.
საინტერესოა, რომ პირველი ტაიმი ფრენკ ფოგელის გუნდმა 16 ქულის სხვაობით მოიგო, თუმცა უპირატესობა გაანიავა. სტეფ კარის (26 ქულა), კელი უბრეს (23 ქულა), ენდრიუ ვიგინსისა (18 ქულა) და ერიკ პასკალის (19 ქულა) კარგი თამაშის წყალობით „ვორიორზმა“ თამაშის შემოტრიალება შეძლო და 2 ქულის სხვაობით გაიმარჯვა.
„ლეიკერსის“ რიგებში ყველაზე შედეგიანი 25 ქულით დენის შრიოდერი გამოდგა. ენტონი დევისმა 17 ქულითა და 17 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. ასევე ორმაგი დუბლი შეასრულა კაელ კუზმამ (15 ქულა, 10 მოხსნა). ლებრონ ჯეიმსის ანგარიშზე 19 ქულაა.