გოკა გაბაშვილმა საკრებულოს სხდომაზე ტრიბუნას ბოქლომი დაადო
გოკა გაბაშვილმა საკრებულოს სხდომაზე ტრიბუნას ბოქლომი დაადო

თბილისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ხმაურია. საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საკრებულოს სხდომას ბოიკოტს უცხადებენ და მათი ფრაქციის თავმჯდომარის, ირაკლი ნადირაძისთვის 13-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას აპროტესტებენ.

ამბობენ, რომ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ირაკლი ნადირაძის საქმით არ ინტერესდება.

„სოლიდარობა არ გაქვთ ირაკლი ნადირაძის მიმართ არც ერთს? გგონიათ, რომ კრიმინალია და ციხეში უნდა იჯდეს? როგორც საკრებულოს თავმჯდომარე, სასამართლოში მოხვედით და იკითხეთ თავისუფალი სასამართლოს პირობები ჰქონდა თუ არა? საერთოდ არ ვაპირებდი შემოსვლას, მაგრამ საკრებულოს თავმჯდომარე იტყუებოდით პირდაპირ ეთერში. მოქალაქე არ შემოუშვით და სია გქონდათ. მინიმუმ სოლიდარულები უნდა იყოთ ნადირაძის მიმართ, რომელიც პატიმრობაშია“, – მიმართა საკრებულოს წევრებს და თავმჯდომარეს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი ლოჟიდან.

ამის შემდეგ საკრებულოს სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრი გოკა გაბაშვილი ტრიბუნასთან მივიდა და მას სიმბოლურად ბოქლომი დაადო.

„როცა თქვენი კოლეგება, რომელსაც ესალმებით, ხელს ართმევთ, სრულიად გაყალბებული, შეთითხნილი ბრალდებით არის დაჭერილი, მოგეკითხათ, ერთი განცხადება მაინც გაგეკეთებინათ, მაგრამ თქვენ იცინით და დასცინით საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებას, ახალგაზრდებს, პოლიტიკურ პარტიებს“ ,- განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე 18 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დროს დააკავეს.