გოკა გაბაშვილმა დედაქალაქის საკრებულოს სხდომა დატოვა
გოკა გაბაშვილმა დედაქალაქის საკრებულოს სხდომა დატოვა

დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია „ევროპულმა საქართველომ“ საკრებულოს დღევანდელი სხდომა დატოვა.

„ერთადერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ჩვენ გველის, არის ბიუჯეტის განხილვა და იქ შემოგიერთდებით, ახლა კი დაგტოვებთ და ეს რიგითი საკითხები უჩვენოდ განიხილეთ“, – განაცხადა ფრაქციის წევრმა გოკა გაბაშვილმა.

სხდომას არ დაესწრნენ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, გიორგი გაბაშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოება ორად არის გაყოფილი და ამაში მათ ხელს ხელისუფლება უწყობს.

„ბოლო ორი თვეა, ვუყურებთ ძალიან დაძაბულ, ცუდ და სახიფათო პოლიტიკურ პროცესს ამ ქვეყანაში და არ მგონია, რომ ხელისუფლება ამ ეტაპზე მაინც ადეკვატურად აფასებდეს იმ მდგომარეობას, რომელიც არის შექმნილი. ეს არის შუაზე გაყოფილი საზოგადოება, ქვეყანა. ამ პირობებში, იმის მაგივრად, რომ ხელისუფლება ცდილობდეს, ამ შუაზე გაყოფილობის, ამ კონფრონტაციის, ამ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ადამიანებთან დიალოგს, ვხედავთ ხელისუფლებას, რომელიც თამაშობს წესების გარეშე, რაც სამწუხაროა ქვეყნისთვის. ჩვენ ვიხილეთ პროცესი, რომელსაც ძალიან რთულად შეიძლება ეწოდოს არჩევნები, ჩვენ ვიხილეთ ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, პირდაპირი მოსყიდვები, ვიხილეთ ძალადობაც. ეს არის პროცესი, რომელიც არის ძალიან ცუდი ქვეყნისთვის, ხელისუფლება ვერ აცნობიერებს იმას, რომ მილიონამდე ადამიანმა მის წინააღმდეგ მისცა ხმა და გამოუცხადა უარი. რატომ, ამაზე დასკვნები გამოტანილი არ არის. კლიმატი შექმნილია ისეთი, რომ აქაც კი, საკრებულოში, სადაც თბილისისთვის საჭირბოროტო საკითხების საქმიანი განხილვა უნდა მიმდინარეობდეს, ოპოზიციის ნაწილი ვერ ესწრება და ამის პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, რადგან არ უნდა შექმნას ქვეყანაში ასეთი კლიმატი“, – განაცხადა გაბაშვილმა.

გოკა გაბაშვილმა დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ბიუჯეტის პროექტი მოქალაქეების საჭიროებებზე მორგებული არ არის.

„ბიუჯეტიც, რომელიც ამჟამად არის მერიის მხრიდან წარმოდგენილი, იგივე მიმართულებას აგრძელებს, რომ ხელისუფლება ვერ ხედავს პრობლემებს. ხელისუფლებას გონია, რომ პრობლემა აქვს მცირე ოპოზიციურ ჯგუფთან, იმის მაგივრად, რომ ხდებოდეს ანალიზი და ნაბიჯების გადადგმა იქითკენ, რასაც ხალხი ითხოვს. ამის მაგივრად წარმოდგენილია ისევ იგივე მიმართულების ბიუჯეტი. ისეთი მწვავე საკითხებზე, როგორიც არის ავარიული სახლები, სოციალური სასადილოები, შშმ პირების პროგრამა – ამ ყველაფერს აქვს დაფინანსება დაკლებული, სამაგიეროდ, მომატებულია ბიუროკრატიული და ჩინოვნიკების ხარჯები. მთელი ეს პროცესი გვიჩვენებს, რომ ხელისუფლებას არანაირი დასკვნა ამ ორი-სამი თვის პროცესებიდან არ გამოუტანია, რაც ძალიან სამწუხაროა. ერთადერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ჩვენ გველის არის ბიუჯეტის განხილვა და იქ შემოგიერთდებით ახლა კი დაგტოვებთ და ეს რიგითი საკითხები უჩვენოდ განიხილეთ“, – განაცხადა გაბაშვილმა და საკრებულოს სხდომა დატოვა.

სხდომის დასრულების შემდეგ ოპოზიციის მიერ დარბაზის დატოვებას საკრებულოს თავმჯდომარე გამოეხმაურა. გიორგი ტყემალაძის თქმით, ოპოზიციამ დღეს ბოიკოტი არა საკრებულოს უმრავლესობის წევრებს, არამედ იმ ადამიანებს გამოუცხადა, რომელთა საკითხიც დღევანდელ სხდომაზე განიხილებოდა.

„დღეს მათი ბოიკოტი შეეხებოდა ჩვენი მოსახლეობის მიმართ არსებულ აქტუალურ პრობლემებს და მათ გადაწყვეტას. ეს ეხება ადამიანების საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფას. ადამიანები, რომლებიც ათეული წელია ცხოვრობენ საცხოვრებელ ფართებში, ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილებით ათეულ ოჯახს დაუკანონდათ ეს ფართები. სწორედ ასეთ საკითხებზე გამოიჩინეს ბოიკოტი, შესაბამისად, ჩვენ ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელეთ მუშაობა და მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილებები“, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.

დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა კენჭი უყარეს და 34 ოჯახს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად საცხოვრებელი ფართები დაუკანონეს.

დატოვე კომენტარი