გოკა გაბაშვილი - თბილისის წარმოდგენილი ბიუჯეტი არ შეცვლილა იმ პრინციპების მიხედვით, რასაც მნიშვნელოვნად ვთვლით
გოკა გაბაშვილი - თბილისის წარმოდგენილი ბიუჯეტი არ შეცვლილა იმ პრინციპების მიხედვით, რასაც მნიშვნელოვნად ვთვლით

 

თბილისის წარმოდგენილი ბიუჯეტი არანაირად არ შეცვლილა იმ პრინციპების მიხედვით, რასაც ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნად ვთვლით, – ამის შესახებ „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრმა გოკა გაბაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ქალაქის ბიუჯეტი ცალკე აღებული არ არის. არსებობს ასევე ქვეყნის ბიუჯეტი, რომელიც პენსიების ზრდას 2018 წელსაც არ გულისხმობს. ეს ხდება მაშინ, როცა ლარი უფასურდება, პროდუქტებზე, მედიკამენტებზე ფასები იზრდება და არსებობს სოციალურად ყველაზე დაუცველი ფენა – პენსიონერები. ჩვენ ვთვლით, რომ ბიუროკრატიული ფუფუნების, არასწორად დაგეგმილი, კორუფციული პროექტების, ნეპოტური ინტერესებისა და ბევრი სხვა რაღაცის შემცირების ხარჯზე უნდა გამოთავისუფლდეს თანხა და ყველა თბილისელი პენსიონერისთვის გაკეთდეს საპენსიო დანამატი. კანონით, ქალაქს ამის გაკეთება შეუძლია“, – განაცხადა გაბაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ძალიან ბევრი ხარჯი, რაც ბიუჯეტიდან ჩანს, სწორადაა ჩამოყალიბებული, მაგრამ ბიუროკრატიულ ხარჯზე, შრომის ანაზღაურებაზე 5 მილიონის მოკლება, ზღვაში წვეთია.

„მაგალითად, ახლა გამოცხადებულია კონკურსი, სადაც ქალაქის მერიას მრჩევლები 5 600–ლარიანი, 5 200–ლარიანი, 3 600–ლარიანი ხელფასით იმ ფუნქციების შესასრულებლად აჰყავს, რისთვისაც მერიის სამსახურები უკვე არსებობს. ანუ, ასე ვთქვათ, ვქმნით პარალელურ სტრუქტურას და ამ ადამიანებს ძალიან მაღალ ხელფასებს ვუხდით, მაშინ, როცა შეიძლება, ამ თანხით ბევრი საქმე გაკეთდეს. აგვყავს დიპლომატიური ურთიერთობების საკითხებში კონსულტანტი, რომელიც 3 600–ლარს მიიღებს და რომელიც არანაირად არ გვჭირდება. ქალაქის მუნიციპალიტეტებში, გამგეობებში პიარზე 60 კაცი მუშაობს და მგონი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის, პიარის მრჩეველს მერზე მაღალი ხელფასი აქვს“, – განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

 

დატოვე კომენტარი