გოკა გაბაშვილი - ოპოზიციურ პარტიას როდესაც ​პირდები ​და არ მიდიხარ შეხვედრაზე, ეს არის პოლიტიკური უკულტურობა 
გოკა გაბაშვილი - ოპოზიციურ პარტიას როდესაც ​პირდები ​და არ მიდიხარ შეხვედრაზე, ეს არის პოლიტიკური უკულტურობა 

საკრებულოს ფრაქცია „ევროპულ საქართველოსთან“ შესახვედრად საკრებულოში თბილისის ვიცე-მერი, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი და სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი არ მივიდნენ.

ფრაქციის ლიდერის გოკა გაბაშვილის განცხადებით, მერიის წარმომადგენლებისგან დადასტურებული პასუხი ჰქონდა, რომ დღევანდელ შეხვედრას დაესწრებოდნენ.

გოკა გაბაშვილი მერიის მაღალჩინოსნების საკრებულოში მიუსვლელობას პოლიტიკურ უკულტურობას უწოდებს.

“პარასკევს, კომისიის მერე ვისაუბრეთ მერის მოადგილესთან და ვუთხარი, რომ დარჩა მთელი რიგი შეკითხვები, რომელიც მინდა დავუსვა და გარდა ვარკეთილისა, მინდა ასევე ვესაუბრო სხვა სატრანსპორტო პრობლემებზე, კერძოდ ტაქსების რეგულაციებზე. მერის მოადგილემ დაადასტურა, რომ მოვიდოდნენ. დარწმუნებული ვიყავი, რომ მოვიდოდნენ და გასცემდნენ შეკითხვებს პასუხებს. ჩვენ დაგვიდასტურეს პარასკევს, რომ სამუშაოები ისე მიიღო მერიამ, რომ ხარისხი არ შეუმოწმებიათ. დღევანდელ შეხვედრაზე გვინდოდა გვეკითხა, ხომ არ აქვთ რაიმე სია ჩაბარებული ობიექტების, რომლის ხარისხიც ასევე არ შეუმოწმებიათ. თუ ასეთი სია არ აქვთ, გვაინტერესებს, აპირებენ თუ არა დაავალონ შესაბამის სამსახურებს, რომ მოიძიონ ასეთი ობიექტები, გადამოწმდეს მათი ხარისხი და შედგეს სია. მქონდა ასევე სისტემური ხასიათის შეკითხვები თუ რატომ კურირებენ მერიის სატრანსპორტო სამსახურს და სატრანსპორტო კომპანიას მერის სხვადასხვა მოადგილეები და ხომ არ არის ეს აბსოლუტური დისფუნქციურობის ნიშანი? ძალიან ბევრი შეკითხვაა, რომელზეც აუცილებელია პასუხის გაცემა და არა ასეთი შოუების მოწყობა, როდესაც ოპოზიციურ პარტიას პირდები და არ მიდიხარ შეხვედრაზე. ეს არის ძალიან ცუდი ტონი, ცუდი საქციელი და პოლიტიკური უკულტურობა მერიის მხრიდან”,- აღნიშნა გაბაშვილმა.