გოგიტა თოთოსაშვილი - დამოუკიდებლობის თვალსაზრისით მიღწევები ბევრად უკეთესია, ვიდრე განვლილი 13 წლის პერიოდში, როდესაც მე დავიწყე მუშაობა
გოგიტა თოთოსაშვილი - დამოუკიდებლობის თვალსაზრისით მიღწევები ბევრად უკეთესია, ვიდრე განვლილი 13 წლის პერიოდში, როდესაც მე დავიწყე მუშაობა

დამოუკიდებლობის თვალსაზრისით ყველა ჩემი კოლეგა აღიარებს, დღეის მდგომარეობით მიღწევები ბევრად უკეთესია, ვიდრე ეს 13 წლის პერიოდში იყო, როდესაც მე დავიწყე მუშაობა, – ასე უპასუხა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, გოგიტა თოთოსაშვილმა, საბჭოს არამოსამართლე წევრის, ლევან გზირიშვილის კითხვას, თუ როგორ აფასებს 2012 წლამდე სასამართლო სისტემაში არსებულ სიტუაციას.

„თქვენ მიეკუთვნებით მოქმედი მოსამართლეების იმ კანდიდატთა ჯგუფს, რომელიც სამოსამართლეო საქმიანობას ახორციელებდა 2012 წლამდე. მხედველობაში მაქვს მკაცრი სამართლებრივი გადაწყვეტილებები. მოგეხსენებათ, რომ ამ პერიოდის შესახებ სხვადასხვა შეფასებებია, ტელევიზიით გვესმის „მოსამართლეები იმ დროს ცუდ საქმეებს აკეთებდნენ, ცუდები იყვნენ და ახლა კარგი როგორ გახდნენ“.

როგორ ფიქრობთ, თქვენი საქმიანობის მაგალითზე, რა ხდებოდა იმ პროცესში ცუდი და კარგი, ან რა შეეძლო მოსამართლეს ამ პოლიტიკის საწინააღმდეგოდ. მოსამართლეს, რომელიც მანამდე მუშაობდა და მის შემდეგაც აგრძელებს მუშაობას, სინდისის ქენჯნა ხომ არ უნდა ჰქონდეს“, – კითხვით მიმართა კანდიდატს ლევან გზირიშვილმა.

კანდიდატის, გოგიტა თოთოსაშვილის შეფასებით, აღნიშნულ პერიოდში შეიძლება იყო მართლაც ხარვეზები სასამართლო სისტემაში, თუმცა მისი მტკიცებით, რაიმე ტიპის მითითება, არც კონკრეტულ საქმესთან და არც სასამართლო პოლიტიკასთან დაკავშირებით არ ყოფილა.

„2006 წლიდან დავინიშნე მოსამართლედ, პირველად ეს იყო გორის რაიონული სასამართლო. მე, ძირითად, სამოქალაქო სამართალწარმოების კუთხით ვიყავი, სისხლის სამართლის საქმეები ძალიან იშვიათად მქონდა. თუ არ ვცდები, 2007 ან 2008 წელი იყო, როცა სასჯელთა შეკრებითობა დადგინდა და ეს შეიძლება ცუდად აისახა. რაც შეეხება სხვა გარემოებებს, ვფიქრობ, განვითარების პროცესია, მათ შორის განვითარების წინაშე ყოველთვის დგას სასამართლო. ალბათ, რაღაც ხარვეზები იყო, მაგრამ რაღაც მითითება ყოფილიყო, ან სხვა სახის გარემოება ყოფილიყო შექმნილი, ან ზოგადად, სასამართლო პოლიტიკის მიმართ, ან რომელიმე კონკრეტული საქმის მიმართ, ასეთი რამე ნამდვილად არ ყოფილა და კოლეგების მხრიდან არც გამიგია. დამოუკიდებლობის თვალსაზრისით კი, ყველა აღიარებს, ვგულისხმობ ჩემს კოლეგებს, რომ დღეის მდგომარეობით მიღწევები ბევრად უკეთესია, ვიდრე ეს 13 წლის პერიოდში, როცა მე მუშაობა დავიწყე“, – განაცხადა გოგიტა თოთოსაშვილმა.