გოგიტა თოდრაძე - პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სამ კომპონენტს მოიცავს - სააქციო კაპიტალს, რეინვესტიციას და სავალო ვალდებულებებს
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სამ კომპონენტს მოიცავს, – ამის შესახებ საქსტატის თავმჯდომარემ, გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის სააქციო კაპიტალი, რეინვესტიცია და სავალო ვალდებულებები.
„პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სამ კომპონენტს მოიცავს. პირველი, ეს გახლავთ სააქციო კაპიტალი; მეორე – რეინვესტიცია, ანუ მოგება/ზარალს შორის სხვაობა და მესამე, სავალო ვალდებულებები. პირველ ორ შემთხვევაში კლების ტენდენცია დაფიქსირდა და, როგორც აღვნიშნე, ეს ძირითადად სავალო ვალდებულებებმა განაპირობა. კომპანია თუ ინვესტორისგან აიღებს სესხს, ეს ნიშნავს სავალო ვალდებულების გაზრდას და ნიშნავს იმას, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი გაიზარდა. სესხი თუ დაიფარა, ანუ ინვესტორის მიმართ ვალდებულება შემცირდა, რაც ზოგ კვარტალში ხდება ხოლმე, მათ შორის, მნიშვნელოვანი წილით იყო ეს წარმოდგენილი გასული წლის მესამე კვარტალში, მაშინ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მცირდება. სესხის აღება ინვესტორიდან პირდაპირ მიუთითებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლის ზრდაზე, რადგანაც ის თანხა უკვე შემოედინება ქვეყანაში. საუბარია იმაზე, რომ არსებული კომპანიის ფარგლებში მოხდა სესხის აღება“, – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წლის მესამე კვარტალში 533.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის მესამე კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე ორჯერ მეტია.