გოგიტა თოდრაძე - კლების ტენდენცია ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში შეინიშნებოდა
გოგიტა თოდრაძე - კლების ტენდენცია ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში შეინიშნებოდა

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს 2020 წლის მაისის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

დოკუმენტის მიხედვით, მაისში საქართველოს ეკონომიკა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.5%-ით შემცირდა.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, ეკონომიკურ ზრდაზე ნეგატიური გავლენა დამატებული ღირებულების გადამხდელი საწარმოების ბრუნვის 22.2%-ით შემცირებამ იქონია, ასევე ნეგატიურად აისახა ექსპორტის შემცირებული მაჩვენებელიც.

„საქონლის ექსპორტი 2020 წლის მაისში შემცირებულია დაახლოებით 30 პროცენტით და 235 მილიონი დოლარი შეადგინა. 35 პროცენტითაა შემცირებული იმპორტის მაჩვენებელი. 2020 წლის მაისში ქვეყანაში დარეგისტრირდა 3200-მდე ახალი საწარმო, თუმცა აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით 33 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებულ დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა დაახლოებით 5.4 მლრდ ლარია, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 22.2 პროცენტით ჩამორჩება“, – აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ.

რაც შეეხება სექტორულ ანალიზს, საქსტატის ხელმძღვანელის ცნობით, მშენებლობის დარგში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის მიუხედავად, გამოვლინდა შემცირების ტენდენცია. შემცირება შეინიშნებოდა როგორც საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობის, ისე სამოქალაქო და სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოების შესრულების მიმართულებით.

„აქვე აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 39 პროცენტით შემცირდა სამშენებლო მასალების იმპორტი, 25 პროცენტით არის შემცირებული ცემენტის და კლინკერის იმპორტი. დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში კლება ძირითადად დაკავშირებული იყო სამშენებლო მასალების, ავეჯის, ასევე ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის წარმოების მოცულობის შემცირებასთან. ასევე აღსანიშნავია პურ-პროდუქტების, არახანგრძლივი შენახვის საკონდიტრო ნაწარმის და სასმელების წარმოების მოცულობის შემცირება.

ვაჭრობის დარგში კლება ძირითადად დაკავშირებული იყო ავტომობილებით და ავტომობილების ნაწილებით ვაჭრობის მოცულობის შემცირებასთან. როგორც მოგეხსენებათ მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაახლოებით 77 პროცენტით არის შემცირებული მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებელი. შემცირებულია ასევე საცალო და საბითუმო ვაჭრობა ბენზინით, დიზელით, ბუნებრივი გაზით. აღსანიშნავია, რომ ცხრა პროცენტით შემცირდა ნავთობპროდუქტების იმპორტის მაჩვენებელიც. შემცირდა საცალო ვაჭრობა სამშენებლო მასალებით, საყოფაცხოვრებო ტექნიკით, ავეჯით, ფეხსაცმლითა და ტანსაცმლით, რაზეც რასაკვირველია, გარკვეული გავლენა მოხდინა ტურისტების რაოდენობის შემცირებამაც“, – განმარტა გოგიტა თოდრაძემ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, პენდემიამ სერიოზული ზარალი მიაყენა ტურიზმის სექტორს. მაისში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 94 პროცენტით შემცირდა საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა.

„როგორც მოგეხსენებათ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო და ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ, გარკვეულწილად იმოქმედა ტურიზმის სექტორზე. მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში, რაც რასაკვირველია, დაკავშირებული იყო ტურისტების რაოდენობის შემცირებასთან. აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, შეიზღუდა გარკვეული კატეგორიის ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის სასტუმროების და რესტორნების საქმიანობა, რომლებიც ძირითადად მიწოდების სერვისზე იყვნენ გადართულნი, შესაბამისად, ამან ნეგატიურად იმოქმედა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე. აღსანიშნავია, რომ 94 პროცენტით შემცირდა საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა. მიმდინარე წლის მაისში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ სულ დაახლოებით 36 000-მდე ვიზიტი განხორციელდა, მაშინ როდესაც, გასული წლის შესაბამის პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი 618 000 აღემატებოდა. ვიზიტების 95 პროცენტი სახმელეთო საზღვრის კვეთას უკავშირდება და აქედან უმრავლესობა, დაახლოებით 45 პროცენტი თურქეთზე მოდის”, – განაცხადა თოდრაძემ.

კლება დაფიქსირდა საფინანსო საქმიანობის, უძრავი ქონების, ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორებშიც.

„საფინანსო საქმიანობის სექტორში კლება განაპირობა კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების შემცირებამ, ტრანსპორტის სექტორში შემცირების ტენდენცია გამოვლინდა როგორც სახმელეთო და საჰაერო სამგზავრო ტრანსპორტის საქმიანობაში, ისევე რკინიგზაში. შესაბამისად, შემცირდა საქალაქო, საგარეუბნო, სამგზავრო და საჰაერო ტრანსპორტთან დაკავშირებული მომსახურების მოცულობა.

უძრავი ქონებით ოპერაციების სექტორში კლება დაკავშირებული იყო საცხოვრებელი შენობა-ნაგებობების ყიდვა-გაყიდვასთან და იჯარით გაცემასთან დაკავშირებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის შემცირებასთან.

რაც შეეხება ხელოვნების, გართობის და დასვენების სექტორს, კლება ძირითადად დაკავშირებული იყო აზარტულ და ფულზე თამაშებთან დაკავშირებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის შემცირებასთან“, – აღნიშნა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ.

დატოვე კომენტარი