გოგიტა თოდრაძე - დეკემბერში მშპ-ს ზრდა დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტის, ვაჭრობის, სასტუმროების დარგებში, ხოლო კლება მშენებლობისა და გართობის სექტორებში დაფიქსირდა 
გოგიტა თოდრაძე - დეკემბერში მშპ-ს ზრდა დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტის, ვაჭრობის, სასტუმროების დარგებში, ხოლო კლება მშენებლობისა და გართობის სექტორებში დაფიქსირდა 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ დღეს გასული წლის დეკემბრის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე და იმ დარგებზე ისაუბრა, სადაც ამ პერიოდში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ყველაზე მეტი ზრდა და კლება დაფიქსირდა.

მისი თქმით, წინასწარი შეფასებით, 2019 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკა 3.8 პროცენტით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის საშუალო რეალური ზრდა 5.2 პროცენტით განისაზღვრა.

თოდრაძის თქმით, 2019 წლის დეკემბერში, მშპს-ს ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი, ვაჭრობა, ავტომობილები, სასტუმროები და რესტორნები. კლების ტენდენცია ძირითადად სამ დარგში დაფიქსირდა მშენებლობის, სამეცნიერო-ტექნიკური, ხელოვნებისა და გართობის სექტორებში.

„დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში ზრდა ძირითად უკავშირდება კვების პროდუქტებისა და სასმელების მოცულობის ზრდას. აღსანიშნავია, რომ 12 პროცენტით არის გაზრდილი ღვინის ექსპორტი. ასევე ქიმიური მრეწველობის მიმართულების გაფართოება, დაახლოებით 78 პროცენტით არის გაზრდილი აზოტოვანი სასუქების ექსპორტის მაჩვენებელი. ტრანსპორტის სექტორებში მიზეზებს შორის სახელდება ტვირთის გადაზიდვის ორგანიზებასთან და მის სატრანსპორტო დამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობის გაფართოება, როგორც საგზაო ასევე სარკინიგზო მიმართულებით“, – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

მისი თქმით, ვაჭრობის დარგში ზრდის მიზეზია საბითუმო ვაჭრობა ბუნებრივი აირით. ბუნებრივი აირის იმპორტის მაჩვენებელი დეკემბერში დაახლოებით 9 პროცენტით არის გაზრდილი.

„ვაჭრობის სექტორზე ასევე დადებითად მოქმედებს ტურიზმის ინდუსტრიაში არსებული მოვლენები. 2019 წლის დეკემბერში მოგზაურების, ვიზიტორების რაოდენობა დაახლოებით 16.4  პროცენტით გაიზარდა. ვიზიტორების ზრდა დაფიქსირდა სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ასევე ისრაელიდან და ყაზახეთიდან“, – განაცხადა საქსტატის ხელმძღვანელმა.

ამასთან, როგორც მან განმარტა, კლების ტენდენცია ძირითადად სამი დარგში შეინიშნებოდა.

„მშენებლობის სექტორში კლების მიზეზად გვევლინება ის ფაქტი, რომ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შესრულდა ნაკლები მოცულობის სამუშაოები,  სამოქალაქო სამშენებლო სამუშაოების მიმართულებით, როგორიცაა გზების და ავტობანების მშენებლობა, ასევე საინჟინრო ობიექტების მონტაჟი. კლების ტენდენცია შეინიშნებოდა ხელოვნების, დასვენებისა და გართობის სექტორში, რაც ძირითადად დაკავშირებული იყო, აზარტულ და ფულთან დაკავშირებული საქმიანობებით დაკავებული ბრუნვის მოცულობის შემცირებასთან“, – განაცხადა თოდრაძემ.

ამასთან, როგორც მან განმარტა, კლების მხრივ მესამე სექტორი არის პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობა.

„ეს სექტორი აერთიანებს ისეთი საქმიანობით დაკავებულ კომპანიებს, როგორიცაა: იურიდიული საქმიანობა, აღრიცხვა, კონტროლი, აუდიტი, მეცნიერული კვლევები და დამუშავებები, სარეკლამო საქმიანობა და ა.შ. ამ სექტორში ძირითად მიზეზად სახელდება სარეკლამო სააგენტოებისა და სარეკლამო საქმიანობით დაკავებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის შემცირება“, – განაცხადა საქსტატის ხელმძღვანელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.