გოგიტა თოდრაძე – აგვისტოში სახეზე გვაქვს საქართველოს ეკონომიკის 6.3-პროცენტიანი ზრდა, რვა თვის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი გახლავთ 7.6%
2026 წლის აგვისტოს თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა დეკლარირებულ მონაცემებს ეფუძნება. აღნიშნული მონაცემების მიხედვით, 2026 წლის აგვისტოში სახეზე გვაქვს საქართველოს ეკონომიკის 6.3-პროცენტიანი ზრდა, აქედან გამომდინარე, რვა თვის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი გახლავთ 7.6%, – ამის შესახებ საქსტატის აღმასრულებელი დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციების სექტორი, ასევე ვაჭრობა, ტრანსპორტი და დასაწყობება.
„როგორც მოგეხსენებათ, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საგარეო ვაჭრობის მონაცემების მიხედვით, ექსპორტის მოცულობა გაიზარდა დაახლოებით 24.7%-ით, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი გაზრდილია 4.3%-ით. ქვეყანაში აგვისტოში დარეგისტრირდა 6 300-მდე ახალი საწარმო, რაც 35%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო ადგილობრივი ინდმეწარმეების რეგისტრაციის მაჩვენებლის მატებასთან.
აღსანიშნავია, რომ 12%-ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და აღნიშნულმა მაჩვენებელმა 16 მილიარდ 850 მილიონ ლარს გადააჭარბა“, – განაცხადა თოდრაძემ.
რაც შეეხება მიზეზებს დარგობრივ ჭრილში, თოდრაძის თქმით, დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო ნავთობპროდუქტების წარმოების მოცულობის გაფართოებასთან.
„გაზრდილია მაზუთის, ნაფთას და გაზოილის წარმოების მაჩვენებლები. ასევე აღსანიშნავია, რომ აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 11-ჯერ გაიზარდა აღნიშნული კატეგორიის ნავთობპროდუქტების ექსპორტი, ძირითადად სინგაპურის, კოტ-დივუარის, ჩინეთის და ამერიკის შეერთებული შტატების მიმართულებით. ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორს რაც შეეხება, აქაც ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო კომპიუტერული პროგრამების შემუშავებასთან და აღნიშნულ სფეროში მომსახურების მოცულობის გაფართოებასთან. საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების ზრდასთან.
რაც შეეხება უძრავი ქონებით ოპერაციების სექტორს, ზრდა დაკავშირებული იყო მიწის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებთან, ასევე გაიზარდა არასაცხოვრებელი კომერციული ფართების გაქირავების მაჩვენებელი.
ვაჭრობის სექტორში ზრდა დაკავშირებული იყო ნავთობის და ნავთობპროდუქტების ვაჭრობის მოცულობის გაფართოებასთან, როგორც საცალო, ისე საბითუმო ვაჭრობას ეხება ეს. ასევე გაზრდილია კვების პროდუქტებით, სასმელებით და თამბაქოს ნაწარმით, ასევე ფარმაცევტული პროდუქციით ვაჭრობის მაჩვენებელი“, – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.
რაც შეეხება ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორს, თოდრაძის თქმით, ზრდის ტენდენციები შეინიშნებოდა საგარეო ვაჭრობაში.
„კერძოდ, განსაკუთრებით ეს შეიძლება, ითქვას ექსპორტის მიმართულებაზე და აქედან გამომდინარე, პარალელურად გაიზარდა ტვირთის სატრანსპორტო დამუშავების და დასაწყობების მაჩვენებელი“, – აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ.
საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის თქმითვე, კლების ტენდენცია შეინიშნებოდა მშენებლობის სექტორში.
„ეს ძირითადად ეხება სამოქალაქო მშენებლობას – წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირების ტენდენცია გამოვლინდა სამოქალაქო მშენებლობაში, კერძოდ, შემცირებულია გზების, ხიდების, ავტობანების და გვირაბების მშენებლობის მაჩვენებელი. ასევე აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 12%-ით არის შემცირებული სამშენებლო მასალების იმპორტი და 25%-ით არის შემცირებული ცემენტის და კლინკერის იმპორტის მაჩვენებელი“, – განაცხადა საქსტატის აღმასრულებელი დირექტორმა.