გოგიტა თოდრაძე – 2026 წლის ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა, პირველი ექვსი თვის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი გახლავთ 7.9%
2026 წლის ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა, პირველი ექვსი თვის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი გახლავთ 7.9%, – ამის შესახებ საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დამამუშავებელმა მრეწველობამ, ტრანსპორტმა და დასაწყობებამ, ასევე მშენებლობის, ინფორმაციის და კომუნიკაციის სექტორებმა.
„მიუხედავად ამისა, მცირე კლება შეიშნეოდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობის და ენერგეტიკის სექტორებში. 2026 წლის ივნისში საქონლის ექსპორტი გაიზარდა 20.4%-ით, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი გაზრდილია 7.5%-ით. ქვეყანაში დარეგისტრირდა გასულ თვეში დაახლოებით 7 050 ახალი საწარმო, რაც თითქმის 14%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებს. ზრდა ძირითადად ადგილობრივი ინდმეწარმეების რეგისტრაციის ზრდაზე მოდის. დაახლოებით 14%-ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 16 მილიარდ 700 მილიონ ლარს გადააჭარბა“, – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.
მისი თქმით, დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში ზრდა ძირითადად ნავთობპროდუქტების წარმოების მოცულობის გაფართოებასთან იყო დაკავშირებული, როგორიცაა ნაფთა, გაზოილი და მაზუთი.
„აღნიშნული კატეგორიის ნავთობპროდუქტების ექსპორტი დაახლოებით 12-ჯერ არის გაზრდილი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ჩინეთის და აფრიკის ქვეყნების, ასევე თურქეთის მიმართულებით. ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო საჰაერო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან, როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით და ასევე საგარეო ვაჭრობაში შექმნილი, განვითარებული, ასე ვთქვათ, პოზიტიური ტენდენციების შესაბამისად, გაიზარდა ტვირთის სატრანსპორტო დამუშავების და დასაწყობების მაჩვენებელი. მშენებლობის სექტორში კი ზრდა დაკავშირებული იყო როგორც საცხოვრებელი, ისე არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობასთან და, სხვათა შორის, გაზრდილია საპროექტო სამუშაოების მოცულობაც. რაც შეეხება ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორს, ზრდა ძირითადად ტელესაკომუნიკაციო საქმიანობის მომსახურების მოცულობის გაფართოებასთან არის დაკავშირებული, თუმცა, როგორც წინა თვეებში, აღნიშნულ სექტორში ზრდას ასევე განაპირობებს კომპიუტერული პროგრამების შემუშავება, IT სფეროში მომსახურების გაწევა და მასთან დაკავშირებული მომსახურების მოცულობის გაფართოება ზოგადად. საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორში ზრდას ძირითადად განაპირობებს კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების მატება. რაც შეეხება კლების ტენდენციებს, როგორც გითხარით, ორ სექტორში გამოვლინდა მცირედი შემცირება. რაც შეეხება სამთო-მოპოვებით მრეწველობას, აქ შემცირება ძირითადად ლითონის მადნების მოპოვებასთან იყო დაკავშირებული, ხოლო ენერგეტიკის სექტორში კლების ტენდენცია გამოვლინდა ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავებაში – დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით“, – აღნიშნა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა.