გოგიტა თოდრაძე - 2020 წლის სექტემბრის თვეში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების რაოდენობა დაახლოებით 15-ჯერ შემცირდა
გოგიტა თოდრაძე - 2020 წლის სექტემბრის თვეში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების რაოდენობა დაახლოებით 15-ჯერ შემცირდა

2020 წლის სექტემბრის თვეში დაახლოებით 15-ჯერ შემცირდა საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვნად შემცირდა ტურისტული სააგენტოების, ტურისტული ოპერატორების, ასევე, დაჯავშნის მომსახურებით დაკავებული კომპანიების ბრუნვის მოცულობა, – ამის შესახებ საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, კლების ტენდენცია შეინიშნება მშენებლობის, ასევე – ხელოვნების, დასვენებისა და გართობის სექტორებში.

„სასტუმროების და რესტორნების სექტორში შემოსავლების კლება ძირითადად დაკავშირებულია საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის შემცირებასთან. დაახლოებით, 15-ჯერ შემცირდა საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვნად შემცირდა ტურისტული სააგენტოების, ტურისტული ოპერატორების, ასევე, დაჯავშნის მომსახურებით დაკავებული კომპანიების ბრუნვის მოცულობა.

მშენებლობის სექტორში კვლავ კლების ტენდენცია შეინიშნება. ძირითადად, სამოქალაქო და სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოების შესრულების მიმართულებით როგორიცაა ელექტროტექნიკური და სამონტაჟო სამუშაოები, წყალგაყვანილობის, გათბობის და ჰაერის კონდიცირების სისტემის მონტაჟი.

კლების ტენდენცია შეინიშნებოდა ხელოვნების, დასვენების და გართობის სექტორში, რომლის ძირითადი გამომწვევი მიზეზიც აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის შემცირებაა“, – განაცხადა თოდრაძემ.

ამასთან, სექტემბრის თვეში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე საუბრისას საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ დადებითი ტენდენციები შეინიშნებოდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობის სექტორში, ასევე – საფინანსო სექტორში.

„დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში ზრდა ძირითადად უკავშირდება თუჯის, ფოლადის, ფეროშენადნობებისა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოების მოცულობის მატებას. ასევე, საკვები პროდუქტებისა და სასმელების წარმოების მოცულობის მატებას. 26%-ით გაიზარდა მანგანუმის ექსპორტის მაჩვეებელი. 33%-ით გაიზარდა მინერალური წყლების, ხოლო 14%-ით ყურძნის ნატურალური ღვინოების ექსპორტის მოცულობა.

დადებითი ტენდენციები შეინიშნებოდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობის სექტორში, რაც ძირითადად დაკავშირებული იყო ფერადი ლითონების მადნების მოპოვების ზრდასთან, ვაჭრობის დარგში ზრდა ძირითადად განაპირობა საცალო და საბითუმო ვაჭრობის დარგში ზრდამ. გაზრდილია ასევე ვაჭრობის მოცულობა ფარმაცევტული პროდუქტებით საყოფაცხოვრებო ტექნიკით, ავეჯით და გარკვეული კატეგორიის სამშენებლო მასალებით.

საფინანსო სექტორში ზრდის მიზეზად სახელდება კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების ზრდა, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს ფიზიკური პირების დაკრედიტების ზრდასთან. ტრანსპორტში კლება მეტწილად განაპირობა საჰაერო ტრანსპორტის შეზღუდულმა ფუნქციონირებამ და შესაბამისად, კლების ტენდენცია გამოვლინდა ასევე სახმელეთო ტრანსპორტის მიმართულებითაც, როგორც საავტომობილო, ასევე, სარკინიგზო ტრანსპორტის სექტორებში“, – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.